საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აჭარაში ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება, გზის მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.
”ქობულეთის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანზიტო მიმოსვლას და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობასაც”, - აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს. მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.