საქართველოში ”ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე” ოფიციალურად გაიხსნა

დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა ”ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცე” ოფიციალურად გახსნეს.

,,ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივრცეში’’ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემები უმაღლესი განათლების მიმართულებით ერთობლივ საუნივერსიტეტო პროექტებს განახორციელებენ.

bpnთანამშრომლობა უკვე დაწყებულია ბრიტანეთის ორ წამყვან უმაღლეს სასწავლებელთან - ,,ოქსფროდ ბრუკსა’’ და ,,Staffordshire’’-თან. აღნიშნული ბრიტანული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოში საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებს ,,სილიკონ ველი თბილისის’’ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე განახორციელებენ.

,,ოქსფორდ ბრუქსის’’ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მიხედვით, გათვალისწინებულია საბაკალავრო პროგრამის განხორციელება ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსებში, ხოლო ,,Staffordshire’’-ის უნივერსიტეტი საქართველოში განახორციელებს საბაკალავრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტში.

,,ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივრცეში’’ აღნიშნული ორი უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამის გარდა დაგეგმილია სხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დანერგვა, რომლებსაც ასევე განახორციელებენ წამყვანი ბრიტანული უმაღლესი სასწავლებლები, რომელთა შემოსვლაც ,,ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივრცეში’’ უახლოეს მომავალში მოხდება. ,,ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცეში’’ დაგეგმილია ტრენინგები, სემინარები და ასევე, სხვადასხვა გაცვლითი პროგრამები დიდ ბრიტანეთში.

აღნიშნულ უნივერსიტეტებთან პროგრამები ხორციელდება ბრიტანეთის ნაციონალური აღიარების საინფორმაციო ცენტრის (UK NARIC _ UK National Recognition Information Centre) მიერ გაცემული ნებართვით.

როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა აღნიშნა საქართველოსა და ბრიტანეთისთვის საგანმანათლებლო კავშირები ყველაზე მნიშვნელოვანია.

”ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით, ამჟამად ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ბევრი კავშირია, მაგრამ მგონია, რომ საგანმანათლებლო კავშირები ყველაზე მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. როგორც ბრიტანეთის ელჩს, მე მსურს კიდევ უფრო გავაფართოვო ეს მნიშვნელოვანი კავშირები”, - განაცხადა ჯასტინ მაკკენზი სმიტმა. bpn

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ”ბრიტანული განათლების რეგიონალური განათლების სივრცის” პროგრამებს მხოლოდ ქართველ სტუდენტებს არ შესთავაზებენ.

”დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნა ”ბრიტანული განათლების სივრცე”, რაც გულისხმობს ნებისმიერი სტუდენტისთვის ბრიტანული განათლების მიღებას ჩვენს უნივერსიტეტთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბრიტანული დიპლომების მიღებას საქართველოში. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც საქართველოში ანალოგი რეალურად არ გააჩნია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამაში ბრიტანეთის საელჩო არის ჩართული. გავაფართოვებთ საგანმანათლებლო პროგრამებს და შევთავაზებთ არამარტო ქართველ სტუდენტებს, არამედ ”ბრიტანული განათლების სივრცე” გახდება რეგიონში სხვა სტუდენტებისთვის საინტერესო”, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

,,ბრიტანული განათლების რეგიონალური სივრცის’’ შექმნის მიზანია, საქართველოში ხელმისაწვდომი გახადოს ბრიტანული განათლების მიღება, სტუდენტებს და სხვა მსურვლებს საშუალება მისცეს, ერთდროულად აიღონ ბრიტანული და ქართული დიპლომი, მოამზადოს საერთაშორისო დასაქმების ბირჟაზე არსებული მოთხოვნების შესაბამისი კადრები.

,,ბრიტანული განათლების რეგიონალური ცენტრის გახსნას’’ ესწრებოდნენ საქართველოში მოღვაწე ბრიტანული კომპანიების წარმომადგენლები.

,,ბრიტანული განათლების რეგიონალურ სივრცის’’ საბაკალავრო პროგრამებზე მოხვედრა შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებით.