მას შემდეგ, რაც გუშინ ნავთობის ფასი 3-თვიან მინიმუმზე დაეცა, დღეს დილით ოდნავ გაიზარდა.
ფასის ვარდნა იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ბაზარზე მიწოდება მოთხოვნის სჭარბობს და არსებობს რეალური ალბათობა, რომ ეს დისბალანსი შენარჩუნდება.
"ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი დღეს 0.71%-ით გაიზარდა და ბარელზე 52.56 დოლარს მიაღწია. ამერიკული WTI-ის ნავთობი 0.75%-ით გაძვირდა და ბარელზე 49.54 დოლარი შეადგინა.
ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსს ბაზარზე სულ უფრო მეტი ფიქალური ნავთობის მიწოდება განაპირობებს. მისი წარმოების სტიმულირებას კი ნავთობის ფასის ზრდა იწვევს. ფიქალური ნავთობის მოპოვების ტექნოლოგია ძვირია და როცა ფასი დაბალია, ასე მოპოვება რენტაბელობას კარგავს. ფასის ზრდის შემთხვევაში კი რენტაბელობა და შესაბამისად მოპოვებაც, იზრდება.
გარდა ამისა, ბოლო დროს სულ უფრო იზრდება აშშ-ში მოქმედი საბურღი დანადგარების რიცხვი. ყოველივეს შედეგად, ნავთობის უდიდესი მომხმარებლის - შეერთებული შტატების მარაგები სულ უფრო იზრდება, რაც ამ ქვეყნის მხრიდან მოთხოვნას ამცირებს.
გასულ კვირას ამერიკაში ნავთობის მარაგი 8.2 მილიონი ბარელით, 528.39 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. არადა ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ზრდა მხოლოდ 2 მილიონი ბარელით მოხდებოდა. თუმცა, მარაგის მაღალი ტემპით დაგროვებასაც თავისი მიზეზი აქვს. საქმე ისაა, რომ ამჟამად რამდენიმე ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში რემონტია, რისი დასრულების და ქარხნების ამუშავების შემდეგაც, ანალიტიკოსები ქვეყანაში ნავთობის მარაგის კლებას ვარაუდობენ.
იმავდროულად, ამერიკაში ასევე შეინიშნება ფიქალური ნავთობის და გაზის საბურღი დანადგარების ზრდის ტენდენცია. ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანიები, ჩრდილოეთ დაკოტას, ოკლაჰომას და სხვა შტატებში, მოპოვების კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ. გაიზარდა მოპოვება აშშ-ში უდიდეს, „პერმეინის“ საბადოზე.
ამგვარად, პრაქტიკულად ბათილდება ის ეფექტი, რომელიც ოპეკ-ის და მასში არშემავალი ნავთობმომპოვებელი ქვეყნების შეთანხმებამ გამოიწვია. მათ მოილაპარაკეს, რომ ამ წლის პირველ ნახევარში, ნავთობის გლობალური დღიური მოპოვება დაახლოებით 1.8 მილიონ ბარელით შეამცირონ. ამ შეთანხმებას ნავთობზე ფასის ზრდა მოჰყვა, თუმცა შემდეგ ეს ეფექტი ამერიკის ფაქტორმა გააბათილა.
როიტერის ინფორმაციით, საუდის არაბეთის ენერგო სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ ამერიკის უმსხვილეს ნავთობკომპანიებთან, რა დროსაც ითქვა, რომ ოპეკ-ი არ გეგმავს მოპოვების შემცირების შეთანხმების (ის 1 ივნისამდე მოქმედებს) გაგრძელებას. ეს დიდი ალბათობით გამოიწვევს ნავთობზე ფასის კლებას, რაც უარყოფითად იმოქმედებს ფიქალური ნავთობის მოპოვების რენტაბელობაზე.