ფატი ხალვაში - მე არ განვიცდი თანხის და შემოსავლების ნაკლებობას, მქონდა სურვილი და შევწირე

უმრავლესობის დეპუტატი ფატი ხალვაში “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმიანება.

როგორც ხალვაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ მონაცემებში საეჭვო არაფერია, რადგან მას აქვს შემოსავალი და როგორც უნდა ისე განკარგავს.

“მანდ საეჭვო და გასაკვირი არაფერია. ვარ პარტიის წევრი, მაქვს შემოსავალი და რამდენიც მინდა და როგორც მინდა, ვწირავ. მითუმეტეს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვიყავი და მონაწილეობას ვღებულობდი. მქონდა დანაზოგი და შევწირე. შვილები მუშაობენ. განსაკუთრებული ხარჯები არ მაქვს. წინა წლებიდანაც მქონდა დანაზოგი. მე არ განვიცდი თანხის და შემოსავლების ნაკლებობას. მქონდა გარკვეული დანაზოგი, მქონდა სურვილი და შევწირე“, - განაცხადა ფატი ხალვაშმა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ფატი ხალვაშის შემოსავალი 2016 წელს 57 610 ლარი იყო, 40 00 აშშ დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურებისთვის მან წლის განმავლობაში 7 920 აშშ დოლარი გადაიხადა, შედეგად, ფატი ხალვაშის წლიურმა წმინდა შემოსავალმა 39 632 ლარი შეადგინა. მან სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა, რაც მისი წმინდა შემოსავლის 50%-ია.