მომავალი წლიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიალაინერის, „ბოინგ 737-ის“ ახალი, ყველაზე დიდი ვერსია - „ბოინგ 737 მაქს 9“ ავიაგადაზიდვებს დაიწყებს.
ახალ ლაინერში ადგილების მაქსიმალური რაოდენობა 220-მდე გაიზარდა. მისი ფრენის სიშორე 6 510 კილომეტრია და ამ მაჩვენებლით, „მაქს 9“ აღემატება სერია „მაქსის“ პირველ წევრ „მაქს 8-ს“, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ 2015 წელს წარმოადგინა. 737-ის ოჯახის პირველი წევრის მიწოდება, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაიწყება. „მაქს 9“ კი რეისების შესრულებას მომავალი წლიდან დაიწყებს.
ამ ეტაპზე, „ბოინგი“ ახალი ლაინერის სისტემების, საწვავის მიწოდების და ძრავების მუშაობის ადგილზე ტესტირებას ატარებს, რომელთა დასრულების შემდეგაც, პირველი სატესტო ფრენა შესრულდება. საფრენი ტესტების დროს, ლაინერის მახასიათებლებიც დაზუსტდება.
ფრენის გაზრდილი სიშორის კვალობაზე, „მაქს 9“ იმითაც გამოირჩევა, რომ მისით ყოველი მგზავრის გადაყვანა უფრო იაფი ჯდება. ეს არის ყველაზე დიდი თვითმფრინავი ერთგასასვლელიანი ლაინერების კლასში. ამერიკული კომპანია სერია „მაქსის“ კიდევ რამდენიმე ახალი ლაინერის გამოშვებასაც აპირებს. „მაქს 9-ის“ შემდეგ, ჯერ უფრო პატარა მოცულობის „მაქს 7“ გამოვა (2019 წელს), შემდეგ კი ყველაზე დიდი - „მაქს 200“.
სერია „მაქსის“ პირველი ორი ლაინერი აღჭურვილია „CFM ინტერნეიშენლის“ წარმოების უახლესი რეაქტიული ძრავებით (LEAP-1B) და უახლესი ტექნოლოგიის ვინგლეტებით (ფრთების დაბოლოებები), რომლებიც ლაინერების უსაფრთხოებას, ეფექტურობას და მგზავრთა კომფორტს უზრუნველყოფენ.
როგორც „ბოინგი“ აცხადებს, სერია „მაქსი“ კომპანიის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადია. ამერიკულ კომპანიას ამ სერიის თვითმფრინავებზე, მთელს მსოფლიოში, 83 მომხმარებლისგან 3 600-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული.