პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პირველი მოსმენით, ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში ცვლილებს და მის თანმდევ კანონპროექტებს იხილავს.
საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, ითვალისწინებს მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის დაკავშირებას და უკონტაქტო პატრულირების შემოღებას.
პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეწყვეტას გამოიწვევს და მართვის უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს უფლების ამგვარად შეწყვეტიდან არაუადრეს 2 თვისა.
უკანტაქტო პატრულირების შემოღების შემთხვევაში, პოლიციას უფლება ენიჭება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, გამოიყენოს პოლიციის სარგებლობაში არსებული ამოსაცნობი ნიშნების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული/განთავსებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები. აღნიშნულ შემთხვევებში, პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაეგზავნება.
პარლამენტის წევრები ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სანქციების შემსუბუქებას ითხოვენ. განხილვის პროცესში დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ ქულების განულების შემთხვევაში, მართვის უფლების ჩამორთმევისა და მძღოლის მიერ გამოცდის ხელახლა ჩაბარების ინიციატივა, მართვის უფლების შეჩერებით შეიცვალოს. გარდა ამისა, დეპუტატების შეთავაზებაა, ქულათა ჩამოკლება დგომა-გაჩერების წესის დარღვევაზე არ გავრცელდეს.