საქართველოს წლიურ სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი და იმპორტი თანაბრად იზრდება

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელთან შედარებით, 15 პროცენტით გაიზარდა და 761 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 14 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი, ხოლო 15 პროცენტით - იმპორტი.

ქვეყნის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41 პროცენტს უტოლდებოდა (314 მლნ აშშ დოლარი). გასული წლის იანვარში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 272 მილიონი აშშ დოლარი იყო.

გასულ წელთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 4 პროცენტით შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებთან, თუმცა 20 პროცენტით გაიზარდა დსთ-ს ქვეყნებთან. პირველ შემთხვევაში, ექსპორტის ზრდამ შეადგინა 15%, ხოლო იმპორტი 9 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება დსთ-ს ქვეყნებს, საქართველოდან ექსპორტი ამ ქვეყნებში გასულ წელთან შედარებით 29 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 14%-ით.

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის წილი 23 პროცენტია (გასულ წელს 27% იყო), ხოლო დსთ-ის ქვეყნების წილი - 35 პროცენტამდე (გასულ წელს - 33 პროცენტი). ამასთან, მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქტის 51 პროცენტი სწორედ დსთ-ს ქვეყნებზე მოდის.

იანვარში საქართველოს 10 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში თურქეთი (114 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (86 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (58 მლნ აშშ დოლარი) ლიდერობენ.

რაც შეეხება საექსპორტო პროდუქტებს, ამ მხრივ ლიდერი კვლავ მსუბუქი ავტომობილებია. 2014 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 43 მლნ აშშ დოლარით მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა.

bpn

მსუბუქი ავტომობილებია უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც მიმდინარე წლის იანვრის წინასწარი მონაცემებით. მსუბუქი ავტომობილების იმპორტი იანვარში 48 მლნ აშშ დოლარს უტოლდება და მთლიანი იმპორტის 9 პროცენტს შეადგენს.

bpn