თუ მილანში მოხვდებით, არ დაგავიწყდეთ პატარა, მყუდრო რესტორნის მონახულება, სადაც ქართულ კერძებს იტალიელი შეფ მზარეული მარიო ბელოტი და მისი ქართველი მეუღლე - ლალი თერეევა ამზადებენ. წყვილი მომხმარებელს სთავაზობს, როგორც იტალიურ ზუჩინის გემოთი შემკობილ უგემრიელეს საკვებს, ისე ქართულ ნიგვზიან ბადრიჯანს საოცარ ქართულ ღვინოსთან ერთად. წყვილმა საკუთარი სიყვარულის ისტორიასა და კულინარიისადმი ვნებაზე "Georgian Journal"-თან ინტერვიუში ისაუბრა:
"Panvinolio პატარა რესტორანია მილანში, რომელიც დააჯილდოვეს როგორც საუკეთესო მრავალფუნქციური მაღაზია 2016 წელს და როგორც პატარა ბუტიკ-მაღაზია 2017 წელს. რესტორანი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მასპინძლობს სტუმრებს. გვაქვს საცხობი, ბიო საკვების მაღაზია, ღვინის მაღაზია და ყველაფერი კარგი, რაც იტალიაში შეიძლება ნახოთ.
16 წლის მანძილზე ამერიკაში ვმუშაობდი კარგ რესტორნებში, ლოს ანჯელესსა და პროვიდენსში. მილანში რამდენიმე ცნობილ რესტორანში სომელიედაც მიმუშავია და ჯილდოც მაქვს მიღებული ღვინის საკვებთან მისადაგებაში. ჩემი ცოლი თბილისში დაიბადა, ათი წლის წინ კი იტალიაში გადმოვიდა საცხოვრებლად. ნაპოლიში ისწავლა იტალიური კერძების მომზადება და შემდეგ მილანში გადმოვიდა 2011 წელს, სადაც გავიცანით კიდეც ერთმანეთი. 2013 წლის სექტემბერს დავქორწინდით, 2014 წელს კი "პანვინოლიო" გავხსენით.
ხანდახან ქართულ სადილებს ვმართავთ ხოლმე. ძირითადად იტალიურ საკვებს ვამზადებთ, ნაკლებ ცხიმიანს, ნაკლებ მარილიანს, ჩვენ ჯანმრთელი კვების რესტორანი გვაქვს. ქართული კერძებიდან მენიუში გვაქვს ნიგვზიანი ბადრიჯანი, ფხალი, ღომი, ხარჩო, ხაჭაპური და ფელამუში. ამასთან, ქართული ღვინო, რომელსაც ნინო ანანიაშვილი აწარმოებს. რამდენიმე ქართველი კლიენტიც გვყავს, სტუდენტი, ექიმი თუ ოპერის მომღერალი. ყველა ქართველს, ვისაც გავიცნობ ხოლმე, ვუმეგობრდები" - ამბობს მარიო ბელოტი.
- რა შეგიძლიათ გვითხრათ ქართული სამზარეულოს შესახებ?
- აგვისტოს ვაპირებთ საქართველოში ჩამოსვლას. ძალიან მინდა ქართული მარნების მონახულება. ძალიან მიყვარს აჭარული ხაჭაპური, ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, ჯონჯოლი, ლავაში და რასაკვირველია, ფელამუში. ეს ყველა კერძი ჩემმა ქართველმა ცოლმა გამასინჯა, თავისივე მომზადებული.
ქართული ღვინოებიდან მიყვარს ხიხვი, საფერავი, ასევე ჭაჭა. მიყვარს ქართული ისტორია და კულტურა იმდენად, რომ ქართული ღვინის ისტორიის ბროშურაც კი ვთარგმნე. ერთად მუშაობა რთულია, მაგრამ გვიყვარს ერთმანეთი. ღვინის მაღაზია გვაქვს, სადაც ვყიდით ღვინოს და მომხმარებელს ბროშურებს ვაძლევთ, რომ ქართული ღვინის ისტორიას გაეცნონ...
ლიკა ჭიღლაძე