84 ხმით ერთხმად, პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი დაამტიცა, რომლითაც ეროვნულ ბანკის შემადგენლობაში ფინანსური ზედამხედველობის სამსახური დაბრუნდა.
მთავრობის მიერ დაჩქარებული წესით წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ორი სასესიო დღის განმავლობაში განიხილეს და დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
ცვლილებების თანახმად, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, კვლავ ეროვნულ ბანკი განისაზღვრა.
როგორც მმართველი გუნდი განმარტავს, მთავრობამ საფინანსო სექტორის სტაბილურობის გასაძლიერებლად, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩათვალა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის პირვანდელი სახით დაბრუნება.
საკითხს საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი დაუჭირა, თუმცა განხილვის პროცესი კრიტიკით წარიმართა. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობისა” და საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეფასებით, ეროვნული ბანკისათვის ფინანსური სექტორის საზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა სერიოზული შეცდომა იყო, რაც თავის დროზე, გიორგი ქადაგიძის საწინააღმდეგოდ გაკეთდა.