სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მხარდაჭერილ 228 საწარმოს სიას კიდევ ერთი, ასფალტ-ბეტონის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეუ გრუპი“ შეემატება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.
სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, სადაც 24 ადამიანი დასაქმდება. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 350 000 ლარია.
„შპს „ჯეუ გრუპის“ ინფორმაციით, კომპანიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში სწრაფი ტემპით განვითარება შეძლო და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა საგზაო მშენებლობის ინდუსტრიაში. ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანიამ შეიძინა მობილური ასფალტ-ბეტონის ქარხანა, რომელიც ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის ასფალტის წარმოებაზე. ქარხანა შეძლებს მოამარაგოს საქართველოს ნებისმიერი წერტილი, რადგან ქარხანა არის მობილური და მის დისლოკაციას სჭირდება მხოლოდ ერთკვირიანი დემონტაჟისა და მონტაჟის სამუშაოები. ამასთანავე, ქარხნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო ნედლეულის მოსამარაგებლად შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადგილმდებარეობის პროექტებზე ადგილობრივი ინერტული მასალების კარიერების ამუშავებაც“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შპს „ჯეუ გრუპი“, რომელიც 2017 წლის მაისის თვეში გაიხსნება, თბილისში, თვალჭრელიძის II ჩიხში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.