„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, ოზურგეთში ასფალტის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნება.
როგორც მეწარმეობის განვითარების სააგენტოდან იუწყებიან, ასფალტის გადამამუშავებელი საწარმო ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში ამოქმედდება, რისთვისაც კომპანია „ახალი ქარხანა“ 1 002 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
მათივე ინფორმაციით, ახალი საწარმო 2017 წლის ივნისის თვეში გაიხსნება და ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ფოთსა და ქობულეთში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოემსახურება. ქარხანა საათში 80 ტონა ასფალტის წარმოებას შეძლებს და პირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
„შპს „ახალი ქარხანა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.