საქართველოთი გერმანული გიგანტი Deutsche Bank დაინტერესდა

საქართველოს საბანკო სექტორში შემოსვლით გიგანტური გერმანული ბანკი Deutsche Bank-ია დაინტერესებული, -ამის შესახებ bpn.ge-ს სანდო წყარომ განუცხადა.

ბანკი, რომელიც 1870 წელს დაარსდა, დღეს მსოფლიოში 2900 ფილიალს ფლობს. თუმცა, რეგიონის ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში, ასევე ცენტრალურ აზიაში, კერძოდ, ყაზახეთსა და თურქმენეთშია წარმოდგენილი. Deutsche Bank-ის წმინდა შემოსავალი 2012 წელს 290 მილიონი ევროთი განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ თვის დასაწყისში თბილისს კიდევ ერთი უმსხვილესი, ამჯერად ბრიტანული ბანკის, Barclays-ის, დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზნად ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლა დასახელდა.

"ქვეყანას კარგი გეოპოლიტიკური მდებარეობა უკავია და მნიშვნელოვან კორიდორს წარმოადგენს დასავლეთ ნაწილის და აზიის, კერძოდ ჩინეთთან დასაკავშირებლად", - განაცხადა Barclays წარმომადგენელმა, მაკრამ აზარიმ ”საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელ დირექტორთან, ირაკლი კოვზანაძესთან შეხვედრაზე.

საქართველოს საბანკო ასოციაციაში Deutsche Bank-ის საქართველოთი დაინტერესების თაობაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს. თუმცა, bpn.ge-ს განუცხადეს, რომ საქართველოში ეკონომიკური აქტივობა გაიზარდა, საბანკო სექტორი სტაბილურად ვითარდება, შესაბამისად, მსხვილი უცხოური საფინანსო ინსტიტუტები ჩვენი ქვეყნით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან.

კითხვაზე, რა შეიცვალა საქართველოში 2011 წლის შემდეგ, როცა ქვეყანა უმსხვილესმა ბრიტანული ბანკმა HSBC-მ დატოვა, ზურაბ გვასალიამ განაცხადა, რომ წარმომადგენლობის დახურვის ძირითადი მიზეზი ბანკის სტრატეგია გახდა.

”HSBC, ძირითიდად, ორიენტირებული იყო კორპორატიულ კლიენტებზე. თუმცა, საქართველოში, ამ კუთხით საკმარისი მასშტაბის ბაზარი არ აღმოჩნდა. თუ ახალი ბანკები შემოვლენ, ისინი, სავარაუდოდ, ამ შეცდომას გაითვალისწინებენ და საცალო ბაზარსაც მოიცავენ”, - განაცხადა გვასალიამ.