საქართველოს მთავრობა ქართლის ქარის ელექტროსადგურის გასხვისებას აპირებს. ამის შესახებ 2017 წლის 23 თებერვლის განკარგულებაშია ნათქვამი.
„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ცნობით, ელექტროსადგურის წილების აუქციონის გზით გაყიდვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიების გატარება მის პარტნიორებს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ დაევალათ, მათ შორის შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ სარეალიზაციო ღირებულების შეფასებისთვის საჭირო აუდიტორული მომსახურების შესყიდვა.
ფონდის ცნობით, ამ ეტაპზე აუქციონის პირობების შემუშავება და აუდიტორული მომსახურების შესყიდვა მიმდინარეობს. მათი დასრულების შემდეგ კი აუქციონი გამოცხადდება.
სადგური 27 იანვრიდან მოიხსნა სატესტო რეჟიმიდან და კვალიფიციურ საწარმოდ დარეგისტრირდა. შესაბამისად, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი სადგურის მიერ გამომუშავებულ 1 კილოვატ საათ ელექტროენერგიას 6.89 აშშ ცენტად ყიდულობს.
ცნობისთვის "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" დადგმული სიმძლავრე 20,7 მეგავატს შეადგენს. სადგური 6 ცალი 3,45 მეგავატის სიმძლავრის ქარის ტურბინისგან (ტურბინის მოდელი: V117-3.45 MW) შედგება.