ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
არასოდეს დამიმალავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვებას გარკვეული დადებითი ეფექტი ექნებოდა როგორც სესხების გალარების სოციალური პროგრამისთვის, ისე ეკონომიკური ზრდისთვის.
თუმცა იმასაც ვფიქრობდი, რომ ეროვნული ბანკი ასეთ გადაწყვეტილებას უპირველესად საბანკო ოლიგოპოლიის სასარგებლოდ მიიღებდა, და არა ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ანალიზზე დაყრდნობით.
მართალია, ამის შავით თეთრზე წარმოჩენას შეეცადნენ სამშაბათს, ხოლო გასაპიარებლად ისეთი ექსპერტები და არასამთავრობოებიც კი გამოიყენეს რუპორად, რომლებიც მთავრობის ნებისმიერ დადებით რეფორმას ლიბერალური პოზიციიდან აკრიტიკებდნენ. (მოუნდათ ახლა თსუ-ს და გეპეის ფიზიკა-მათემატიკის კურსდამთავრებულებს და აშშ-ში სადოქტოროს ვერდაცვის შემდეგ ეკონომიკური სკოლის ენაზე ჭიკჭიკი ..:)).
გავიდა სულ ორი დღე და, ჰოი საოცრებავ, რას ვხედავთ?.. ისე აგიხდეს ყველაფერი...
ხუთშაბათს, გასულ კვირასთან შედარებით, ერთკვირიან რეფინანსირებაზე 120 მლნ ლარით მეტი გაიცა, რაც იმას ნიშნავს რომ ამჟამად საქართველოს ფინანსურ სისტემაში 1.640 მლრდ რეფინანსირების რესურსია (ერთკვირიანი - 1,24 მლრდ; ერთთვიანი - 400 მლნ) მიმოქცევაში, ხოლო ყოველ ლარზე პროცენტს საბოლოო ჯამში ბანკების კლიენტები იხდიან.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ლარის მთლიანი მასა 6.5 მლრდ ლარს შეადგენს, მივიღებთ რეფინანსირების კოეფიციენტს 25% დონეზე (ამჟამად უკრაინა: 20%, თურქეთი: 3%, რუსეთი: 2% - ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს აღარც ვახსენებ....).
კვლავაც პასუხგაუცემელია შემდეგი შეკითხვები:
- რატომ არის კომერციულ ბანკებში მოკლევადიანი ლიკვიდობის დეფიციტი ასე მაღალი?
- რომ არა საბანკო ოლიგოპოლია, იქნებოდა ეს მაჩვენებელი ასე მაღალი?
- არის ეროვნული ბანკი მძევალი თუ ხელშმეწყობი საბანკო ოლიგოპოლიის?
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგ გადაწყვეტილებამდე, რომელიც 2 მაისს არის ჩანიშნული, შვიდი კვირაა დარჩენილი, და ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდა რეფინანსირების მოცულობის ზრდა, არც ისე ძნელი წარმოსადგენია, თუ რა შეიძლება მოხდეს სავალუტო ბაზარზე.
ბოლოდროინდელ ლარის გამყარებას რომ საბანკო ოლიგოპოლია ცხვირში ძმრად ამოგვადენს, არც ისე ძნელი მისახვედრია. მათ ეს ერთხელ გააკეთეს 2016 წლის ივნის-ნოემბერში, ეროვნული ბანკის მტკიცე მხარდაჭერით, და არც 2017 წელში დაიხევენ უკან.....
რეფინანსირების სესხები არის კომერციული ბანკების ოვერდრაფტ-სესხები ეროვნულ ბანკში, რომელზეც პროცენტს საბოლოოდ კლიენტები იხდიან. მცირე ზომით რეფინანსირების სესხი დასაშვებია, დიდი ზომით - ფეთქებადსაშიში.