თუ შესაბამის სეზონებზე უპირატესობას საქართველოს კურორტებზე დასვენებას ამჯობინებთ და სასტუმროში გაჩერება ან ბინის დაქირავება თქვენთვის არაკომფორტულია, შესაძლოა, ბინის შეძენაზეც დაფიქრდეთ.
ბინის ან საკუთარი სახლის შეძენა, შეიძლება გასაქირავებლად და შემოსავლის მიღების მიზნითაც გსურდეთ, სწორედ ამიტომ, გთავაზობთ რამდენიმე საკურორტო ზონაში არსებულ უძრავი ქონების ფასებს, saqme.ge-ზე დაყრდნობით:
1. ბორჯომში ბინის შეძენა თუ გსურთ, ერთოთახიანი შეიძლება 7 000$-დაც კი იპოვოთ. ბინების ღირებულება ოთახებისა და მდგომარეობის მიხედვით, დაახლოებით 80 000$-მდეა. კერძო სახლს 25 000$-დან 135 000$-ის ფარგლებში შეიძენთ. სასარგებლო და პოპულარული მინერალური წყალი, წიწვოვანი ტყე და სუფთა ჰაერი ბორჯომში ბევრ დამსვენებელს იზიდავს, ზაფხულში კი კურორტს სიგრილის მოყვარულთა დიდი ნაკადი სტუმრობს. ბორჯომი ზღვის დონიდან 850 მეტრზე მდებარეობს.
2. გუდაურში ერთოთახიანი ბინების ღირებულება 24 150$-დან იწყება, 2-3 ოთახიანის შეძენა კი 55 000$-დაც შეგიძლიათ.
საკუთარი სახლების ფასი 25 000$-დან იწყება და 100 000$-მდე და უფრო მეტიც ღირს. სამთო-სათხილამურო კურორტი განვითარებას ყოველწლიურად განაგრძობს, შესაბამისად, პოპულარულია და ზამთარში ბინის დაქირავების მსურველთა რიცხვი იზრდება.
3. ბაკურიანში, რომელსაც ზამთრის სეზონზე უამრავი როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამსვენებელი სტუმრობს, 1-დან 3 ოთახამდე ბინების ღირებულება, დაახლოებით 25 000$-დან 80 000$-მდე მერყეობს, ხოლო საკუთარი სახლების ფასი 30 000$-დან 200 000$-მდეა. აქ უმაღლესი ხარისხის სათხილამურო ტრასები და საბაგიროებია მოწყობილი, შესაბამისად, კურორტი დამსვენებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
4. აბასთუმანში 1-3 ოთახიანი ბინების ღირებულება, დაახლოებით 20 000$-დან 55 000$-მდე მერყეობს, საკუთარი სახლის შეძენა კი 17 000$-დანაც შეგიძლიათ.
აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტია, რომელსაც წიწვოვანი ტყე აკრავს, შესაბამისად, მისი კლიმატური პირობები სამკურნალოა. თერმული წყლების გამო, აბასთუმანი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტთა რიცხვში შედის.
5. ბათუმში 1-3 ოთახიან ბინას დაახლოებით, 20 000$-დან 150 000$-ის ფარგლებში შეიძენთ, ხოლო საკუთარ სახლს 35 000$-120 000$-ად. ზღვისპირა ქალაქს ზაფხულსა და შემოდგომის დასაწყისში უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, რომლებიც დასაქირავებლად ბინებსა თუ სასტუმროს ნომრებს ეძებენ. ბათუმი ძალიან პოპულარული დასასვენებელი ზონაა, სადაც სახლის ქონა როგორც შესაბამის სეზონზე თანხის დაზოგვის, ისე შემოსავლის მიღების საწინდარია.
6. ქობულეთი - ბინების ღირებულება 17 000$-130 000$-ის ფარგლებშია.
აღნიშნული თანხით 1-დან 3-4 ოთახიან ბინას შეიძენთ. კერძო სახლების ღირებულება 25 000$-დან 150 000$-მდე იზრდება. აღსანიშნავია, რომ ქობულეთი საქართველოს შავიზღვისპირა კურორტებიდან ზღვასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს და ზღვის დონიდან მხოლოდ 3-4 მეტრის სიმაღლეზეა. ქობულეთი დამსვენებლებს ქვიშიანი პლაჟისა და შედარებით სუფთა წყლის გამო იზიდავს.
7. ურეკი - ბინების ფასი 13 000$-დან იწყება და 55 000$-მდე იზრდება. რაც შეეხება კერძო სახლს, მისი შეძენა 30 000$-დან 150 000$-მდე თანხით შეგიძლიათ. ურეკმა კურორტის სტატუსი მაგნეტიტის შემცველი პლაჟის გამო დიდი ხანია მოიპოვა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, დამსვენებლებში ის განსაკუთრებით პოპულარული გახდა, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარებამაც შეუწყო ხელი.
8. სურამი -კურორტი წიწვოვანი ტყითაა გარშემორტყმული, რაც სუფთა ჰაერს უზრუნველყოფს ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადებები აწუხებთ, სურამი იმუნიტეტის ასამაღლებელი და სამკურნალო ტერიტორიაა. კურორტზე საკუთარი სახლების ფასი 25 00$-დან 80 000$-მდე მერყეობს.
შესაბამის სეზონზე, ჩამოთვლილ კურორტებზე ბინის ან საკუთარი სახლის ქონა შემოსავლის წყაროს ნიშნავს, შესაბამისად, კაპიტალის ასე დაბანდება საქართველოში მომგებიანია.
მარიამ მენაბდიშვილი
წყარო allnews.ge