როგორ აპირებს ბელორუსის პრეზიდენტი ყველა ადამიანის დასაქმებას

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პირველი მაისისთვის ყველა უმუშევრის დასაქმების განკარგულება გასცა. ცნობას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა ბელორუსის განვითარების გზების დასახვისთვის მიძღვნილ კონფერენციაზე გააკეთა.

"აქამდეც ვსაუბრობდი მათზე, ვინც ცხოვრების ასოციალურ წესს მისდევს, სამწუხაროდ ასეთები გვყავს, ალკოჰოლიკები, სასმელს მიჯაჭვული ადამიანები. მათ წინააღმდეგ ერთადერთი მეთოდის გამოყენება შეიძლება - უნდა დაასაქმო. ისინი, ვინც, სამწუხაროდ, სამსახურის გარეშე დარჩნენ, უნდა მივიღოთ და არა მხოლოდ მომსახურების სფეროში, არამედ სახელისუფლებო ორგანოებშიც და დახმარება უნდა გავუწიოთ",- აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

პრეზიდენტის განმარტებით, ადამიანები, პირველ რიგში, იმას უნდა მიხვდნენ, რომ სამსახური თავად მოძებნონ, ხელისუფლება კი ამ პროცესში დახმარებას გაუწევს.

სამუშაო ადგილების შექმნაზე საუბრისას, ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ მინსკში კეთილმოწყობის სამსახური ხშირად ძვირადღირებულ ტექნიკას იყენებს, რაც გაცილებით მეტი უჯდება ხელისუფლებას, ვიდრე ადამიანური რესურსის გამოყენება.

"უნდა განისაზღვროს ადგილი, რომელსაც ადამიანები სამუშაოს მისაღებად მიაკითხავენ. უნდა შეიქმნას ბრიგადები და ჯგუფები, რომლებიც ხეების დარგვასა და სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოში მიიღებენ მონაწილეობას,"- აღნიშნა ბელორუსის პირველმა პირმა.

წყარო allnews.ge