5 000 ევროდ ღირებული კოსტიუმები - საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის ფრანსუა ფიიონის ძვირად ღირებული გარდერობი

საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ფიიონი პარიზის ელეგანტურ ბუტიკში Arnys-ში იმოსება.

თუმცა "ევრონიუსის" ცნობით, ფრანგული მედია იტყობინება, რომ ფიიონი ძვირადღირებულ ტანსაცმელს ყოველთვის თავად არ ყიდულობს და ხშირად ახლობლები და მეგობრები ჩუქნიან.

ფრანგული გამოცემა JDD-ის ინფორმაციით, 2012 წლიდან ფრანსუა ფიიონმა 48 500 ევროს ღირებულების კოსტიუმები და სხვა ტანსაცმელი მიიღო საჩუქრად. გამოცემის ინფორმაციით, მთლიანი თანხიდან 35 500 ევრო ნაღდი ფულით იყო გადახდილი.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, თებერვლის დასაწყისში ფრანსუა ფიიონმა ორი კოსტიუმი მიიღო, რომელთა ღირებულება ჯამში 19 500 ევროს შეადგენდა. JDD-ის ინფორმაციით, ქვითარი საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის „გულუხვმა მეგობარმა“ გადაიხადა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისას ფრანსუა ფიიონმა აღნიშნა, რომ კოსტიუმები მეგობარმა აჩუქა და ამაში გასაოცარს ვერაფერს ხედავს.

ფიიონის თქმით, მის პირად ცხოვრებაში ერევიან და მისი პირადი ცხოვრება არავის საქმე არ არის.

„მე მაქვს უფლება მეგობრისგან საჩუქრად კოსტუმი მივიღო. ეს აკრძალული არაა“, - განაცხადა ფრანსუა ფიიონმა.

პარიზში მდებარე ბუტიკი Arnys საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია. თავის დროზე ბუტიკში სამოსს ამერიკელი ხელოვანი ენდი უორჰოლი ყიდულობდა.