სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 წლის მანძილზე სახელმწიფოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად (1 ლარად) ქონების გადაცემის თაობაზე 67 განკარგულება გამოიცა , თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ერთი განკარგულებით საპატრიარქოსთვის რამდენიმე ქონების გადაცემა მოხდა.
„ინტერპრესნიუსმა“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ინფორმაცია გამოითხოვა, რომელიც 2012 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემულ უძრავ/მოძრავ ქონებას ეხება.
ამ პეროდის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთარებაში არსებული ქონების მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უსასყიდლოდ ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 (ერთი) ლარად გადაცემის თაობაზე 2012 წელს - 18, 2013 წელს - 3, 2014 წელს - 19, 2015 წელს - 11 და 2016 წელს 16 განკარგულებაა გამოცემული.
ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული, ჯამში 67 განკარგულება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში რამდენიმე ქონების ერთდროულად გადაცემასაც ეხება, თბილისსა და რეგიონებში არსებულ არასასოფლო‐სანეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ფართებს, მიწის ნაკვეთებს და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, ინვენტარსა და აღჭურვილობას, ასევე მოძრავ ქონებას - ავტომანქანებს, სასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების ტექნიკას (ტრაქტორები, გუთნები, კულტივატორები, სათიბელა) მოიცავს.
გარდა ამისა, 2010-2016 წლებში საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2010-2013 წლებში სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ“ საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 სატრანსპორტო საშუალება გადასცა.
უფრო კონკრეტულად კი, 2010 წელს საქართველოს საპატრიარქოს ახალციხისა და ტაო კლარჯეთის ეპარქიას უსასყიდლოდ გადაეცა ავტომანქანა Volkswagen Golf 5 და ავტომანქანა Renault Megane; საქართველოს საპატრიარქოს ჭყონდიდის ეპარქიას ავტომანქანები - Iveco და Renault Simboli; საპატრიარქოს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას - ავტომანქანა Renault Megane; საპატრიარქოს ურბნისისა და რუისის ეპარქიას ავტომანქანა „კია სეფია“; საპატრიარქოს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიას - ჩამტვირთველი BOBCAT COMPANY “S250”, ავტომანქანა „კრაზ-6510“.
2011 წელს სსიპ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ“ საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფოს საკუთარებაში არსებული ავტომანქანა „ფორდ ტრანზიტი“ გადასცა, 2012 წელს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას კი - ავტომანქანა Renault Simbol.
2013 წელს საპატრიარქოს ურბნისისა და რუსის ეპარქიას უსასყიდლოდ გადაეცა სატრანსპორტო საშუალება PEL JOB 253, ხოლო საპატრიარქოს სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიას - სატრანსპორტო საშუალება mod.SMC MX-30.
რაც შეეხება სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციას, საპატრიარქოსთვის გადაცემული ქონების სრული სია იხილეთ ბმულზე.