ხვალ სასტუმროში ”რედისონ ბლუ ივერია” კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი ჩატარდება.
როგორც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან (FAO) იუწყებიან, კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის.
ორგანიზატორების განმარტებით, კავკასიის საერთაშორისო რძის კონგრესი წარმოადგენს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივ ინიციატივას, რომელიც ხორციელდება „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“ პროექტის ფარგლებში.
აღნიშნული პროექტის მთავარი კომპონენტია რძის სექტორში დასაქმებული ქართველი ფერმერებისთვის სწავლება და ცოდნის გადაცემა. კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული რძის ბიზნესის გლობალურ ტენდენციებზე, უახლოეს ტექნოლოგიებზე და საბაზრო ინფორმაციის ინსტრუმენტებზე.
ღონისძიება ორგანიზებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 250 მონაწილე, მათ შორის მერძევე კომერციული ფერმერები, გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და სხვა აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის ქვეყნებიდან, პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ხელისუფლების წარმომადგენლები.
”საქართველოს გააჩნია მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რძის წარმოებისთვის იდეალური აგრო-კლიმატური პირობები და მაღალი საბაზრო მოთხოვნა რძის პროდუქტებზე, რაც ამ სექტორს მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის.
ღონისძიების მსვლელობისას, მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ და ბიზნეს მიდგომებს მერძეული მესაქონლეობის სფეროში და პრაქტიკულ მაგალითებს რეგიონის რძის მწარმოებელთა და ფერმერული ორგანიზაციების გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ღონისძიების ფარგლებში თავიანთი წარმატების საიდუმლოებაზე ისაუბრებენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების რძის ფერმების მმართველი პირები და სპეციალისტები. ზოგიერთმა მათგანმა უკვე მიაღწია წელიწადში 10 ათას ლიტრზე მეტ წლიურ მწარმოებლურობას ერთ სულ ძროხაზე, რისი მიღწევა საქართველოს პირობებშიც ასევე სრულიად შესაძლებელია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე, დღეს, ”რედისონ ბლუ ივერიაში” თემა: საქართველოს რძის სექტორის განვითარება, პრესკონფერენცია ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აგრობიზნესის მრჩეველთა განყოფილების უფროსი ვიქტორია ზინჩუკი და უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარე ანდრეი დიკუნი.
ღონისძიება სასტუმრო „რედისონში" 11 საათზე დაიწყება. ღონისძიების წამყვანი იქნება ეკონომისტი ანდრეი იარმაკი.