22 წლის სტუდენტმა ნინო წინწალაშვილმა მწყერის კვერცხების წარმოება 2 წლის წინ წამოიწყო. ახალგაზრდა ფერმერს ზამთარში 60 მწყერი ჰყავს, ზაფხულში კი მათი რიცხვი 600-მდე გაიზრდება. ფერმაში წარმოებული პროდუქტით მეწარმე გურაჯაანის, საგარეჯოსა და თელავის მაღაზიებსა და რესტორნებს ამარაგებს.
ნინო წინწალაშვილს ბიზნესის წამოწყების იდეა ბავშვობაში გაუჩნდა მაშინ, როდესაც მონადირე ბიძას მწყერები სახლში მოჰყავდა, ნინო კი მათ გადარჩენას ცდილობდა. ”ბავშვობაში გადარჩენილ ფრინველებს ვუვლიდი და შემდეგ ვუშვებდი. 2015 წლის ზაფხულში სახლში რამდენიმე ათეული მწყერი მოვიყვანეთ.
„აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში 5 000 ლარიანი დაფინანსება მოვიპოვე, რის შემდეგადაც მომეცა შესაძლებლობა ჩემი ინკუბატორი მქონოდა და მწყერებისთვის გალიები შემეძინა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მწყერები სულ გალიაში არ მყავს. მწყერი გარეული ფრინველია და ეზოშიც ვუშვებ-ხოლმე, მწყერს ხელშეწყობა სჭირდება. ზამთარში ისინი კვერცხის დებას აჩერებენ, მათი შენახვაც უფრო რთულია, რადგან ძალიან ბევრ საკვებს მოიხმარენ. ვციდლობ ჩემმა მწყერებმა ბუნებრივი საკვებიც მიიღონ და მხოლოდ ხელოვნურ კვებაზე არ მყავდნენ”, - ამბობს ნინო წინწალაშვილი.
ახალგაზრდა ფერმერის თქმით, მწყერის კვერცხის წამოების მთავარ მიზანს იმ ბავშვების დახმარება წარმოადგენს, რომელთაც ლაპარაკის დაწყების პრობლემა აქვთ. მისივე თქმით, მწყერის კვერცხი ბავშვებს ამ პრობლემის დაძლევაში ეხმარება. ახალგაზდა მეწარმე, რომელიც თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტია და ბიზნესის პარალელურად, ორ ადგილზე მუშაობს, სამომავლოდ მწყერის კვერცხის შემოტანას თბილისის ბაზარზეც გეგმავს.