მომდევნო 1 კვირის განმავლობაში საწვავის ფასი 10 თეთრით შემცირდება. იმპორტიორების ინფორმაციით, გარე და შიდა ფაქტორები საწვავის ფასზე დადებითად მოქმედებს, რაც ცვლილების საშუალებას იძლევა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ჯერჯერობით ნავთობკომპანიები ფეხს ითრევენ, მაგრამ ნავთობპროდუქტები იმდენად არის გაიაფებული და ლარის კურსი კი - გამყარებული, რომ იმპორტიორებს სხვა გზა აღარ დარჩათ.
გაიაფების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე გაცილებით ადრე დაიწყო და "პლატცის" ფასი ტონა ბენზინზე 500 დოლარამდე ჩამოვიდა. კიდევ უფრო დაბალია 1 ტონა დიზელის ღირებულება 10 მარტის მონაცემებით, 1 ტონა დიზელი 452 დოლარი ღირს, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე ამ პროცესების გავლენა ჯერჯერობით არ იგრძნობა. მსხვილი იმპორტიორები არ მალავენ, რომ არაბრენდირებული კომპანიების წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას ელოდებიან და როგორც კი ამ საგემენტში ფასი შეიცვლება, საფასო პოლიტიკას თავადაც გადახედავენ.
სპეციალისტების შეფასებით კი, საწვავის გაიაფება რეალურად 25 თეთრის ფარგლებშიც შესაძლებელია. ასეთი მოსაზრების საბაბს იძლევა საწვავის თვითღირებულება, რაც ბოლო პერიოდში 1,61-1,62 ლარის ფარგლებშია.
10 მარტის მონაცემებით, "პლატცის" ფასი 1 ტონა ბენზინზე 500 დოლარს შეადგენს, ხოლო დიზელი 452 დოლარი ღირს. რაც შეეხება საწვავის საბითუმო ფასს ადგილობრივ ბაზარზე, ბოლო მონაცემით, 1 ლიტრი ბენზინი - 1,75 ლარი, ხოლო დიზელი 1,69 ლარი ღირს.
ანალიტიკოსი ბექა კემულარია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში საწვავის ბაზარზე არსებული მდგომარეობა არ იცვლება, მსხვილი კომპანიები დღემდე თვითნებურ ფასს აწესებენ. კემულარია ფიქრობს, რომ კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების საქმიანობით კიდევ ერთხელ უნდა დაინტერესდეს და შესაბამისი ზომები მიიღოს. საჭიროების შემთხვევაში კი საკანონმდებლო ცვლილებაც უნდა განხორციელდეს.
"ბაზარზე დომინანტი კვლავ 5 კომპანიაა. ამიტომ კონკურენციის სააგენტომ უნდა მოახდინოს დროული რეაგირება და შესაბამისი ზომები მიიღოს. მესმის, სანქციები დაუწესდათ, მაგრამ სანამ ბოლო ინსტანციის სასამართლო არ დასრულდება, ვერ მოხერხდება აღსრულება. ამიტომ იმპორტიორები ჯერ კიდევ სარგებლობენ შემთხვევით. კომპანიების საქმიანობა ერთხელ და საბოლოოდ კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს", - აცხადებს კემულარია და დასძენს, რომ არსებულ სიტუაციაში სავსებით რეალურია, რომ საწვავის ფასი 25 თეთრით შემცირდეს.
"საფასო სეგმენტში 25-თეთრიანი კლება შესაძლებელია, მაგრამ საამისო სურვილი და არც ნება არ არსებობს. თვითღირებულება გაცილებით ნაკლები აქვთ და პროდუქტს ხელოვნურად გაზრდილ ფასში აწვდიან მომხმარებლებს. ჯერჯერობით ბაზარზე ვერ ქმნიან ამინდს არაბრენდირებულები, არ არის ჯანსაღი კონკურენცია.
კონკურენციის სააგენტომ ნამდვილად გააკეთა ის, რომ წვრილ კომპანიებს ბაზარზე შემოსვლის საშუალება მიეცათ. აქამდე თუ სხვა, 5 კომპანიის გარდა, ვერ განახორციელებდა იმპორტს, დღეს უკვე ბევრი შემომტანია, თუმცა მათ სარეალიზაციო არეალი შეზღუდული აქვთ", - ამბობს კემულარია.
გაიაფების პირობას იძლევიან იმპორტიორებიც, თუმცა არა იმ მასშტაბით, რასაც ექსპერტები ითხოვენ. კომპანია "სენტას" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე განმარტავს, რომ არსებულ სიტუაციაში ფასების გადახედვა შესაძლებელია და 1 კვირაში ადგილობრივ ბაზარზე საწვავი გაიაფდება კიდეც.
საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის კლება გრძელდება. ბოლო მონაცემებით, "პლატცის" ფასი 1 ტონა ბენზინზე 500 დოლარამდეა ჩამოსული. შესაბამისად, კურსი არსებულ მაჩვენებელზე თუ დარჩა, გაიაფება ნამდვილად დაიწყება. მომდევნო დღეების განმავლობაში, შესაძლოა, საცალო ქსელში საწვავის ფასი 10 თეთრამდე შემცირდეს.
საბითუმო ბაზარზე საწვავი უკვე იაფდება და ეს ტენდენცია შესამჩნევია, რა თქმა უნდა, ცვლილება არაბრენდირებულებიდან დაიწყება და ამის შემდეგ ფასს მსხვილი კომპანიებიც შეამცირებენ. ჩემი აზრით, 10 თეთრით კლება სავსებით რეალურია.
საბითუმო ბაზარზე საფასო დინამიკა ნელ-ნელა კლებისკენ მიდის, თითქმის ყოველდღიურად 1-2 თეთრით მცირდება საწვავის ღირებულება. შემიძლია გითხრათ, რომ 1 თვის წინანდელ ფასთან შედარებით, 10-თეთრიანი კლება უკვე არის, რაც ძალიან მალე ადეკვატურ ასახვას საცალო ქსელშიც მოახდენს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ზაალ იაკობიძემ.
როგორც იმპორტიორები განმარტავენ, ლარის გამყარება საწვავის ფასის კლების შესაძლებლობას იძლევა, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ვალუტის კურსის გარდა, საწვავის ღირებულებას სხვა ბევრი ფაქტორიც განსაზღვრავს.
"ლუკოილის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე შავლეგ მიშველაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, აპირებენ თუ არა საფასო პოლიტიკის გადახედვას.
"მიჭირს რამე ვარაუდის გამოთქმა როგორც საერთაშორისო ფასის, ასევე ლარის კურსის მიმართაც. მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი, თუ რა ტენდენცია შეიძლება განვითარდეს უახლოეს მომავალში. შესაბამისად, საწვავის ფასის დინამიკა როგორ შეიძლება გაგრძელდეს, პროგნოზი საკმაოდ რთულია. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ ხვალ ნავთობპროდუქტებს არ გავაიაფებთ. არ ვიცით, რა მოხდება შემდეგ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას შავლეგ მიშველაძემ.
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"