2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, დავით სერგეენკომ გაჭირვებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარებების მასობრივი მოხსნა დაიწყო - ოქტომბრიდან დღემდე საარსებო შემწეობის გარეშე 40 000-მდე მოქალაქე დარჩა, - ამის შესახებ დღეს პარლამენტში, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ დახმარებებს პოლიტიკური მიზნით იყენებს.
“მეხუთე თვეა, მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ათიათასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს ართმევს საარსებო შემწეობას იმ ფონზე, როდესაც ამავე მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხალხი უფრო და უფრო ღარიბდება. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 2014 წლის დეკემბერში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღწერის ახალი მეთოდოლოგიის შესახებ გამოაცხადა, თითქოს საარსებო შემწეობის სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულმა ოცნებამ” 40 000-ით გაზარდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი, არჩევნების შემდეგ კი, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ისევ დაიწყო გაჭირვებული ადამიანების ამოყრა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
“ევროპული საქართველოს” წევრი მიიჩნევს, რომ “საარსებო შემწეობა უნდა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახს, რომელიც დავით სერგეენკოს პოლიტიკური მოტივაციის გამო უსახსროდ დარჩა და რომლის მდგომარეობას ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკა კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის”.