ბარაკ ობამამ ირაკლი ღარიბაშვილს ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას თეთრი სახლი ეხმაურება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განიხილეს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობა, მათ შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების ზრდა ორი ქვეყნის ეკონომიკებს შორის.

"აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ დაარწმუნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომ აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დაპირდნენ, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს ახალი მთავრობის დახმარებას პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებაში", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ქართული დელეგაციისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შეხვედრას გუშინ მოულოდნელად შეუერთდა და როგორც დასავლური მედია წერს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და დელეგაციის წევრებს.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა განიხილეს საკითხები, თუ როგორც უნდა გააღრმავოს ორმა ქვეყანამ სავაჭრო კავშირები.