პრემიის, სახელფასო დანამატისა და ჯილდოს სახით სამეგრელო-ზემო სვანეთის 10 მუნიციპალიტეტში 2016 წელს 3 736 613 ლარია გაცემული

სამეგრელო-ზემო სვანეთის 10 მუნიციპალიტეტში 2016 წელს პრემიის, სახელფასო დანამატისა და ჯილდოს სახით ჯამში, 3 736 613 ლარი გაიცა. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მიერ (ქ. ზუგდიდი, თემი ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, სენაკი, ფოთი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ და მესტია) სატელეფონო კომუნიკაციებზე, მივლინებებსა და საწვავის შესაძენად გაწეულ ხარჯებზე; გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ არის ინფორმაცია წარმოდგენილი.

შრომის ანაზღაურება:

2016 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის ათ მუნიციპალიტეტში სახელფასო ანაზღაურების სახით ჯამში 20 188 742 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებში/მერიებში - 14 907 688 ლარი, საკრებულოებში კი 5 281 054 ლარი.

რაც შეეხება პრემიას, სახელფასო დანამატსა და ჯილდოს, 2016 წელს ჯამში 3 736 613 ლარი გაიცა, მათ შორის გამგეობებსა და მერიებში 2 798 532 ლარი, საკრებულოებში კი 938 081 ლარი.

მუნიციპალიტეტებში ხშირ შემთხვევაში პრემია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიცემა. ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ ერთ სამართლებრივ აქტს გამოსცემს, სადაც საჯარო მოხელეთა ფინანსური წახალისების კონკრეტული საფუძველი დასაბუთებული არ არის; თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც - თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში “შრომატევადი, ნაყოფიერი, წარმატებული სამუშაოსა და საპასუხისმგებლო დატვირთვისთვის” პრემია სხვადასხვა პერიოდში რამდენიმე თანამშრომელზე გაიცა; მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია მხოლოდ ერთ თანამშრომელზე გაიცა “ზეგანაკვეთური შრომისა და სამსახურებრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებისათვის”; ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ზოგიერთ თანამშრომელზე გაიცა პრემია “სამსახურებივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის”.

2016 წელს გამგეობებსა და მერიებს შორის პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 771 825 ლარის ოდენობით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიცა. ყველაზე ნაკლები 52 850 ლარი კი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

რაც შეეხება საკრებულოებს, ყველაზე დიდი მოცულობით პრემია და სახელფასო დანამატი თემი ზუგდიდის საკრებულოში - 201 445 ლარის ოდენობით ყველაზე ნაკლები 840 ლარი კი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიცა.

აღსანიშნავია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემია 840 ლარის ოდენობით მხოლოდ ერთხელ, ერთ თანამშრომელზე გაიცა. პრემია 11 310 ლარის ოდენობით ასევე ერთხელ გაიცა წალენჯიხის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის.

2016 წელს პრემია და სახელფასო დანამატი არ აუღიათ აბაშის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს მამუკა კვიტაშვილს, აბაშის საკრებულოს თავმჯდომარეს პაატა ქურდოვანიძეს, წალენჯიხის ყოფილ გამგებელს გოგა გულორდავას და წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას.

საწვავი:

2016 წელს რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების მიერ 927 103 ლარის ღირებულების 707 125 ლიტრი საწვავი (ბენზინი, დიზელი) იქნა გახარჯული, მათ შორის გამგეობების/მერიების მიერ 545 439 ლარის ღირებულების 443 681 ლიტრი, საკრებულოების მიერ კი - 381 664 ლარის ღირებულების 263 444 ლიტრი საწვავი.

გამგებლების/მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისათვის განსაზღვრული საწვავის ლიმიტი ერთ თვეზე 500-დან 1 000 ლიტრამდე მერყეობს. ერთ თვეზე საწვავის 1 000 ლიტრიანი ლიმიტით სარგებლობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, 900 ლიტრიანი ლიმიტით სარგებლობს წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია, 800 ლიტრიანით კი სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე.

აღსანიშნავია, რომ მესტიის გამგეობის მიერ მესტიისა და ზემო სვანეთის მეუფისთვის 2016 წელს 3 600 ლიტრი საწვავი იქნა შესყიდული, რომლის ღირებულებამაც 5 004 ლარი შეადგინა.

სატელეკომუნკაციო ხარჯები:

სამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალიტეტებმა სატელეფონო კომუნიკაციაზე 2016 წელს ჯამში 198 573 ლარი გახარჯეს, მათ შორის გამგეობებმა/მერიებმა 146 315 ლარი, საკრებულოებმა კი 52 259 ლარი დახარჯეს.

2016 წელს სატელეფონო კომუნიკაციებზე გაწეული ხარჯის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ მოგვაწოდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, შესაბამისად ზემოაღნიშნული მონაცემი კვლევაში არასრულად არის წარმოდგენილი.

სამივლინებო ხარჯები:

თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე ჯამში 177 948 ლარი დაიხარჯა. მათ შორის გამგეობების/მერიების მიერ 141 770 ლარი, საკრებულოების მიერ კი 36 177 ლარი დაიხარჯა.