პროექტის Check in Georgia-ს ბიუჯეტი, შარშანდელთან შედარებით, ბევრად ნაკლები იქნება, თუმცა ღონისძიებების რაოდენობა იქნება მეტი , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბიუჯეტი დიდი ალბათობით შემცირდება და ეს მოხდება არა იმიტომ, რომ ღონისძიებებს შეამცირებენ, არამედ, იმიტომ, რომ ამ ღონისძიებებს გახდიან უფრო ეფექტურს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დარგის წარმომადგენლებთან და მათთან, ვისაც ეხება ეს მიმართულება, იყო რამდენიმე შეხვედრა.
„აეროსმიტის“ კონცერტის შემდგომ დაგეგმილია დღეების მიხედვით კონცერტების რაოდენობა, რომელზეც გამოცხადდება ტენდერები ძალიან მომხიბვლელი, კარგი და ოპტიმალური პირობებით, რათა სხვადასხვა სააგენტოებმა, პრომოუტერებმა, არა მხოლოდ უცხოელებმა, არამედ ქართველებმაც, მიიღონ ამაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ზუსტი გრაფიკი კონცერტების დასახელებებით არ არსებობს, თუმცა ეს სულ მალე იქნება. დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ გაკვირვებული იქნებით, რამდენად ეფექტურად იქნება ეს რესურსი გამოყენებული.
ბიუჯეტი ბევრად უფრო ნაკლები იქნება, თუმცა ღონისძიებების რაოდენობა იქნება მეტი, კერძო სექტორის ჩართულობაც იქნება აქტიური. არ იქნება სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობა, იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა მსგავსი ღონისძიებების მოწყობაში. „აეროსმიტის“ შემთხვევა იქნება ბოლო, სადაც სახელმწიფოს სრული მონაწილეობა იყო“, - განაცხადა გახარიამ.