გიორგი გახარია - 360-გრადუსიანი ხედის მქონე ლოკაცია გუდაურს საშუალებას მისცემს, გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენება გუდაურს მისცემს საშუალებას, ოთხსეზონიანი კურორტი გახდეს.

ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ, გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილზე 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენების შესახებ პრემიერის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, პირველ რიგში ეს იმიტომ ხდება, რომ ტურიზმი განვითარდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს რესურსს ტურიზმის განვითარებაში. ეს თემა დაიბადა იქიდან, რომ ჩვენ დღეს მთავრობაზე გამოვიტანეთ საკითხი დეტალური განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე და მთავრობისგან მივიღეთ ნებართვა რამდენიმე ლოკაციაში. ეს იყო გუდაური, რაჭა და ა.შ. ამ თემატური დისკუსიის დროს დაიბადა ეს იდეა. იდეა მართლაც ძალიან კარგია, გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი. 360 გრადუსიანი ხედის მქონე ლოკაცია, რომელიც იქნება მრავალფუნქციონალური დანიშნულების ნაგებობა, გუდაურს მისცემს საშუალებას გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი“, - განაცხადა გახარიამ.