დავით ნარმანია - „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა, ზიანის ანაზღაურება კი ჩვენს ფუნქციას არ განეკუთვნება

თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, მთავრობამ „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება მის ფუნქციას არ განეკუთვნება.

ნარმანია მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამოეხმაურა „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების აქციას, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარეობს. თბილისის მერის თქმით, როგორც ცენტრალურმა, ისე დედაქალაქის მთავრობამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა იმ საკითხების გადასაწყვეტად, რაც „ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეებს აწუხებდა.

„ეს იყო გარკვეული შუამავლის როლი კომერციულ ბანკებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კომერციული ბანკების მხრიდან, პროცესში ჩართული იყო ეროვნული ბანკი, ბანკების ასოციაცია და მოხდა გადასახდელი თანხების გადავადება. პარასკევს თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჩემი მოადგილეების მონაწილეობით, სადაც ასევე დამატებით შეღავათებზე იყო საუბარი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ცალკეული გადაწყვეტილებები, თუ ვის რამდენს და როგორი ფორმებით გადაუვადებენ, კომერციული ბანკების პრეროგატივაა. ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს იმ ზიანის ჩამოწერა, რომელიც მათ მიადგათ, რათა არ დაიბეგროს გადასახადებით. გარკვეული შეღავათები გაკეთდა სალარო აპარატებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიკისრეთ შუამავლის ფუნქცია ბაზრობების ასოციაციასთან და მათ გარკვეული ფართები გამოყვეს რამდენიმეთვიანი საშეღავათო პერიოდით, რათა დაზარალებულები განთავსდნენ ამ ფართებში. არის ასევე ცალკეული საკითხები, რომლებზეც ჩვენ მათ დავეხმარეთ. ამის გარდა, სხვა რაიმე საკითხი მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არც ცენტრალური მთავრობის და არც ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივას არ განეკუთვნება. ეს არის, ერთი მხრივ, ბაზრობის ადმინისტრაციასა და მეორე მხრივ, უშუალოდ მოვაჭრეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი, თუმცა ძალიან ცუდია ის, რომ მათ შორის ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა - არ იყო დაზღვევასთან დაკავშირებული მექანიზმები გათვალისწინებული. გარდა ამისა, ზუსტი ზიანის ოდენობის დადგენაც შეუძლებელია. ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს ამასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ მთავრობის ფუნქციას არ განეკუთვნება ასეთ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანია არასწორად მიიჩნევს პარალელების გავლებას გალარების პროგრამასთან ან სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობასთან.

„ეს საკითხი არის გაცილებით უფრო სხვა მექანიზმი და ინსტრუმენტი, ხოლო კონკრეტულად ერთი სავაჭრო ობიექტის განადგურებასთან დაკავშირებული საკითხი არის აბსოლუტურად სხვა „ქეისი“. აქედან გამომდინარე ამის ერთმანეთთან შედარება ლოგიკას მოკლებულია. ერთი პერიოდი, დაზარალებულ მოვაჭრეებს ისიც ჰქონდათ არგუმენტად, თუ 2015 წლის სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარა მთავრობა, მაშინ რატომ არ ვეხმარებით "ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს. სტიქიის დროს შეიქმნა სპეციალური ანგარიში და ამ ანგარიშზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიღებული შემოწირულობებით ხდებოდა ანგარიშსწორება“, - განაცხადა ნარმანიამ.

„ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობის ადმინისრტაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სახელმწიფოსგან ზარალის კომპენსაციას ითხოვენ.