2016 წელს საქართველოს მოქალაქეობის ან ბინადრობის უფლების მიღების მოთხოვნით იუსტიციის სახლს სხვადასხვა ქვეყნის სულ 11 620-მა მოქალაქემ მიმართა, რის შედეგადაც ნაწილს უარი ეთქვა.
"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, გასულ წელს მოქალაქეობისა და ბინადრობის მიღებაზე ყველაზე მეტი, 434 უარი რუსეთის მოქალაქეებს ეთქვა.
მოქალაქეობასა და ბინადრობის უფლებაზე უარი ასევე თურქეთის 209 მოქალაქემ, სომხეთის - 151-მა, საბერძნეთის 57-მა და ისრაელის 57-მა მოქალაქემ მიიღო.
რატომ შეიძლება მიიღონ საქართველოში ბინადრობის უფლებაზე ან მოქალაქეობაზე უარი უცხოეთის მოქალაქეებმა?
"სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, აღნიშნულს კანონმდებლობა არეგულირებს, რომლის მიხედვითაც, "საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას უცხოელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა."
საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო" იღებს. ქვეყანაში ბინადრობის უფლების, მოქალაქეობის უფლების არ მიცემის ან საქართველოში არ შემოშვების მიზეზი მრავალგვარი შეიძლება იყოს. კანონმდებლობის მიხედვით, პირი ვერ შემოვა ქვეყანაში, "თუ მისი საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას."
ასევე, პირი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მოიპოვებს, თუ "იგი მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ადამიანის, სახელმწიფოს, საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება."
უცხოეთის მოქალაქეებისათვის მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" დაახლოებით ორი წლის წინ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი პროცედურებსა და პრობლემებზე იყო. ანგარიშში ჩანდა, რომ ბინადრობაზე უარის თქმის მიზეზები ბუნდოვანი იყო. Allnews.ge დაინტერესდა, რატომ შეიძლება ეთქვას უარი საქართველოს მოქალაქეობისა თუ ბინადრობის უფლების მიღების მსურველს, გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, რომლებიც კანონმდებლობაშია გაწერილი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლის, გიგი ჩიხლაძის თქმით, შენგენის ზონის ქვეყნების, ევროპის ქვეყნების, ჩრდილოეთ ამერიკის და ეუთოს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ სჭირდებათ, რადგან ქვეყანაში 360 დღის განმავლობაში უვიზოდ შეუძლიათ დარჩენა: იხილეთ გაგრძელება