ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური ისრაელის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეების გამობრუნების მიზეზებს განმარტავს. როგორც ელჩმა ”კვირის პალიტრას” განუცხადა, 2016 წლის ტურისტების მაჩვენებლის სტატისტიკას როდესაც გაეცნენ, ”საგონებელში ჩავარდნენ, რადგან ტურისტებად ჩასული ქართველების 80% ისრაელში არალეგალურად რჩება”.
”საქართველოდან შარშან 13 000 ტურისტზე მეტი მივიღეთ, მათი რაოდენობა თანდათან იმატებს. როდესაც 2016 წლის სტატისტიკას გავეცანით, საგონებელში ჩავვარდით - ფაქტობრივად, 80 პროცენტი საქართველოდან ჩამოსულებისა ქვეყანაში არალეგალურად რჩებოდა. ისრაელში კანონზე მაღლა არავინ დგას, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და ეს, რა თქმა უნდა, ქართველ ტურისტებსაც შეეხება”, - აღნიშნა საქართველოში ისრაელის ელჩმა.
საზღვარზე მომხდარი ინციდენტების გამოძიებაზე დასმული კითხვის პასუხად შაბთაი ცურმა განაცხადა, რომ თითოეული შემთხვევა ორი ქვეყნის საგარეო სტრუქტურების დონეზე განიხილება. ”ხელაღებით ვერაფერს უარვყოფ, შესაძლოა, ვინმემ დაუშვა კიდეც შეცდომა საზღვარზე, მაგრამ, როდესაც ჩამოსული მოგზაურების 100 პროცენტიდან 80 არალეგალურ საქმიანობას იწყებს, მოსალოდნელია 1 ან 2 პროცენტი შეცდომა”, - განაცხადა შაბთაი ცურმა.
ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდება და პირიქით, ის უფრო ინტენსიური გახდება, ვინაიდან 2017 წელს ორმხრივი ფრენების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.