დღეიდან ქართულ ბაზარზე ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული, ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, პროექტი „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“ განახორციელა. პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 25 მილიონი ლარია.
პროექტის ფარგლებში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.
გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო თანამონაწილეობს პროექტის ნაწილის სესხის დაფინანსებაში, საუბარია დაახლოებით, 3 მლნ ევროზე.
,,ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქართული პროდუქტი უნდა იყოს კარგი, კონკურენტუნარიანი და ორიენტირებული ექსპორტულ ბაზრებზე. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი. მსგავსი ტექნოლოგია ჩვენს რეგიონში არ არსებობს. სასმელი წყლების ჩამოსხმის ასეპტიკური ტექნოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე დღეის მდგომარეობით, რაც ასევე სოფლის მეურნეობის ნაწარმის განვითარებას მისცემს საშუალებას და ძალიან სერიოზული სინერგიის ეფექტი ექნება. აღარაფერს ვამბობ დასაქმებაზე",- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, დაახლოებით 20 მლნ დოლარის პროდუქტის იმპორტი კეთდება ამ სეგმენტში და სერიოზული საექსპორტო პოტენციალიც გვაქვს.
„ის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, რომლებსაც მთავრობა ხელს აწერს, ასევე ადგილობრივი წარმოების წახალისებისა და ექსპორტის მხარდაჭერის სხვადასხვა სახის მექანიზმები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ, კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში წარმოებული ქართული ნედლეულით, ქართული მაღალხარისხიანი პროდუქტი გავიტანოთ გავიტანოთ ექსპორტზე და გავყიდოთ ჩვენს ბაზრებზე“, -აღნიშნა მინისტრმა.
ასეპტიკური ხაზები რეგიონისთვის უპრეცედენტოა. მისი საშუალებით ხდება ნედლეულის ცივად დამუშავება, რის შედეგადაც პროდუქტში არ ხვდება კონსერვანტები, წვენი არის სრულად ნატურალური, მასში შენარჩუნებულია ყველანაირი ვიტამინი, გემო, და სასარგებლო თვისებები.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ”ჩერო” მაღალხარისხიანი ბრენდია.
,,საქართველოს შეემატა ახალი ძალიან საინტერესო, მაღალხარისხიანი ბრენდი ,,ჩერო,“ რაც გულისხმობს ძალიან თანამედროვე, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა, სტერილურ გარემოში ჩამოსხმული წვენების წარმოებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, აგროსასურსათო სექტორის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის‘’ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.
პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, 10 მლნ ლიტრის წარმოება იგეგმება, თუმცა, ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების შესაძლებლობა აქვს. პროდუქცია განკუთვნილია როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფრომაციით, კომპანიის უახლოესი ამოცანაა პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ-ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.