2017 წლის 1 იანვრიდან განსაზღვრული აქციზის ახალი განაკვეთით 331 ერთეული მსუბუქი ავტომობილია განბაჟებული. საუბარია 1 იანვარი - 11 მარტის პერიოდზე. ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ცნობით, 11 მარტის მდგომარეობით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჯამში 247 ათასი სატრანსპორტო საშუალებაა შემოსული. აქედან 18 642 სატრანსპორტო საშუალება საზღვაო გზით, ფოთის და ბათუმის პორტებიდან შემოვიდა.
საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა. მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე კი გასამმაგდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში 5 მილიონი დოლარით შემცირდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 27 მილიონი დოლარი იყო მაშინ, როცა 2016 წლის იანვარში იმპორტმა 32 მილიონი დოლარი შეადგინა.
თაია არდოტელი