შეცდომები, რომელსაც დამწყები ბიზნესმენები ყველაზე ხშირად უშვებენ

30 წლის ნანამ საქმიანობა მედია ბიზნესში საკმარისი გამოცდილებით დაიწყო, თუმცა მხოლოდ ოპტიმიზმი ბიზნესის წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - ახალგაზრდა ქალის წარმატებით დაწყებული საქმიანობა ერთ წელში წარუმატებლობით დასრულდა.

”ვფიქრობდი, რომ ყველაფერი გათვლილი მქონდა. თავიდან მართლაც კარგად დაიწყო ყველაფერი. ჟურნალი წარმატებით იყიდებოდა, რეკლამაც შემოდიოდა. თუმცა როგორც შემდგომ აღმოვაჩინე, საქმის წარმატებით დაწყებაზე უფრო რთული, ამ წარმატების შენარჩუნებაა. ბევრი დეტალი ვერ გავთვალე და ამიტომაც ერთი წლის შემდეგ კომპანიის დახურვა მომიწია,” - ამბობს ნანა.

გთავაზობთ იმ მთავარ შეცდომებს, რომელსაც ხშირად უშვებენ დამწყები ბიზნესმენები.

ზედმეტი ოპტიმიზმი

საქართველოში მოქმედი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიებიც ადასტურებენ, რომ არასაკმარისი დაგეგმვა და ზედმეტი ოპტიმიზმი არის ის მთავარი შეცდომები, რომელსაც დამწყები ბიზნესმენები ხშირად უშვებენ.

”როგორც წესი, დამწყები ბიზნესმენები ვერ ერკვევიან ბიზნესის ყველა დეტალსა და რისკ-ფაქტორში. შესაბამისად, როდესაც სირთულეს აწყდებიან, რაც ბიზნესის თანმდევი მოვლენაა, მზად არ არიან მასთან გასამკლავებლად. ბიზნესს ოპტიმისტურად აფასებენ და რეალისტურ გათვლებს ვერ აკეთებენ. ასევე არ უთმობენ საკმარის დროს, რაც, ბუნებრივია, შეცდომაა. როგორც წესი, ნაკლებად ზრუნავენ პროდუქციის წარმოების ან მომსახურების გაწევის ეფექტურობასა და შენარჩუნებაზე მუდმივ რეჟიმში,” - ამბობს BDO-ს პარტნიორი მაია ხაჩიძე.

სფეროს არცოდნა

საქმიანობის დაწყებისას ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა ისიც, რომ დამწყები ბიზნესმენები სფეროს სათანადოდ არ იცნობენ.

”ბიზნესის დაწყებისას ბევრი დეტალი იჩენს თავს, რომელზეც წინასწარ ნაფიქრი არ ჰქონდათ, მის გადაწყვეტაზე წარმოდგენა არ აქვთ. ეს საბოლოო ჯამში სრულდება იმით, რომ ბიზნესმენი ამ საქმის კეთებაზე სრულად იღებს ხელს. ამის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ სფეროს კარგად არ იცნობენ. უფრო წარმატებული არიან ის სტარტაპები, რომლებიც ადრე ამ სისტემაში თავად მუშაობდნენ, მიხვდნენ, რომ კარგად იცნობენ ამ სფეროს და ისე დაიწყეს საქმიანობა,” - ამბობს "აუდიტ ენდ ლეგალ სერვისის" დირექტორი ლევან გუგუშვილი.

პარტნიორის არასწორად შერჩევა

გუგუშვილისვე თქმით, საქმის დაწყების მომენტში ხშირად უშვებენ შეცდომას პარტნიორის შერჩევის დროს. წარმატების მიღწევაში დიდი როლი სწორედ პარტნიორს აკისრია, ამიტომ მისი შერჩევის დროს დაშვებული შეცდომა ხშირად ბიზნესის წარუმატებლობით სრულდება ხოლმე.

ფინანსების არასწორად დაგეგმვა

დამწყები ბიზენსმენების კიდევ ერთი მთავარი შეცდომა ფინანსების არასწორი დაგეგმვა და მართვაა.

”ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც დამწყები ქართველი მეწარმეები უშვებენ არის ის, რომ რეინვესტირების ნაცვლად პირველივე გამომუშავებულ მოგებას იღებენ ბიზნესიდან. მიღებული თანხის ბიზნესში ჩაბრუნების გარეშე, დიდი მასშტაბების მიღწევა შეუძლებელია. ისინი არ ავლებენ მკვეთრ ზღვარს ბიზნესის შემოსავლებსა და პირად შემოსავლებს შორის. ხშირად უჭირთ იმის აღქმა, რომ ბიზნესის მიერ გამომუშავებული ფული მათი პირადი ფული არაა. ბიზნესს უნდა შეხედო როგორც დამოუკიდებელ ერთეულს დამოუკიდებელი ფუნანსური სახსრებით,” - განმარტავს საკონსულტაციო კომპანია „ინოვას“ დირექტორი მაია შიშნიაშვილი.

დანებება

ასევე, დიდი შეცდომაა, როცა დაშვებული შეცდომების შემდეგ საქმის კეთებას აჩერებენ და სრულიად წყვეტენ საქმიანობას ამა თუ იმ მიმართულებით.

”დანებება, ფაქტობრივად, გამოუსწორებელი შეცდომაა. ახალი საქმის დაწყებისას შეცდომები პროცესის ბუნებრივი ნაწილია. მთავარია, შეცდომების გააზრება და გაანილიზება, რაც სამომავლოდ სტარტაპებს სწორ გადაწყვეტილებებამდე მიიყვანს,” - ამბობს შიშნიაშვილი.

კონსულტაციებზე უარის თქმა

”დამწყები ბიზნესმენების კიდევ ერთი მთავარი შეცდომაა ის, რომ თემის სპეციფიკურობიდან გამომდინარე მცოდნე ექსპერტებს არ რთავენ საქმიანობაში. ხშირად არ ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის კონსულტაციის მუდმივი მიღება პროფესიონალებისგან. ეს დროული რეაგირებისა და ბიზნესის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის ფლობისთვის აუცილებელია. ბუნებრივია, აღნიშნული შეცდომები თავის კვალს ატყობს ბიზნესს და ჩნდება პრობლემები, რომელთა თავიდან აცილება სწორად დაგეგმვის პირობებში შესაძლებელია,” - დაამატა მაია ხაჩიძემ.

ნანა მღებრიშვილი