წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის თებერვალში ფულადი გზავნილების მოცულობა 17.9 %-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2017 წლის თებერვალში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2017 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 248.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.9 პროცენტით (14.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.0 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 87.8 პროცენტი მოდიოდა.
იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2017 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (30.3 მლნ აშშ დოლარი), აშშ (10.2 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (10.1 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.9 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (7.6 მლნ აშშ დოლარი) და ისრაელი (7.6 მლნ აშშ დოლარი).
სებ-ის ინფორმაციით, 2017 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.6 მლნ აშშ დოლარი (38.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (39.0 მლნ ლარისა) გასული წლის თებერვალში.