„პანასონიკმა“ „ტოიოტა პრიუსისთვის“ სახურავის მზის პანელი შეიმუშავა.
ავტომობილის სახურავზე მზის პანელების განთავსება აქამდე მხოლოდ კონცეპტუალური და ექსპერიმენტული მოდელების შემუშავების დროს ხდებოდა. 2012 წელს „ტოიოტამ“ პლაგ-ინ ჰიბრიდული „პრიუსის“ ოპციების სიაში მზის პანელი შეიტანა. სერიული ავტომობილის საბაზო ვერსიისთვის ეს ჯერჯერობით უცხო ხილია. მაგრამ მალე ასე აღარ იქნება.
საქმე ისაა, რომ კომპანია „პანასონიკმა“ პლაგ-ინ ჰიბრიდული „პრიუსისთვის“ მზის პანელი დაამზადა, რომლის გამომუშავება 180 ვატამდეა. პანელის სახელწოდებაა „HIT ფოტოვოლტური მოდული ავტომობილისთვის“. ის ავტომობილის ლითიუმ-იონური ელემენტების და ტყვია-მჟავური ასკუმულატორის დასამუხტადაა განკუთვნილი. „პანასონიკის“ პანელი გარემოს ზემოქმედებისადმი მედეგია, რისი წყალობითაც, მისი გამომუშავება სიცხის მატების კვალობაზე არ მცირდება.
ზემოთ ნახსენები პანელი, რომელსაც „ტოიოტა“ მყიდველს ოპციის სახით სთავაზობდა, მხოლოდ ვენტილატორის ფრთების დასატრიალებლად საკმარის ენერგიას გამოიმუშავებს. ისიც მაშინ, როცა ავტომობილი გაჩერებულია. იგივე პანელი მუხტავს მხოლოდ აკუმულატორს. „პანასონიკის“ პანელის 180 ვატი ვერ გასწვდება ლითიუმ-იონური ელემენტების სრულად დამუხტვას, მაგრამ როგორც „ტოიოტა“ აცხადებს, მისი მეშვეობით, ავტომობილის ენერგო ეფექტურობა 10 პროცენტით უმჯობესდება. ანუ, დღიურად მისი სვლის სიშორე, იდეალურ პირობებში 3.5 კილომეტრით იზრდება.
ავტომობილის სახურავზე დაყენების წინ, მზის პანელი ლამინირების პროცესს გადის, რათა უსაფრთხოებაზე მოთხოვნები დააკმაყოფილოს. მაგრამ ამის მიუხედავად, ამერიკაში ტესტების დროს, ასეთმა ავტომობილებმა გადაყირავების ტესტები ვერ ჩააბარა. ამიტომ იქ მზის პანელებით ეკიპირებული პლაგ-ინ „პრიუსი“ ჯერჯერობით არ გაიყიდება. სამაგიეროდ, ის დაშვებულია როგორც ევროპის, ასევე იაპონიის და აზიის ბაზრებზე.
დღეში 3.5 კილომეტრით მეტის გასავლელად, „პანასონიკის“ პანელის დაყენების ბრიტანელ მსურველებს საკმაოდ ძვირი თანხის - 1500 გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 1840 დოლარი) გადახდა მოუწევთ. პანელები დაახლოებით იგივე ღირს ევროპასა და იაპონიაში. გარდა ამისა, პანელის დაყენების შემთხვევაში, ავტომობილიდან იხსნება წინა მონიტორი, უხილავი წერტილების ხედვის მონიტორი და გადამკვეთი მიმართულებით მოძრავი სხეულების დაფიქსირების სისტემა.
„პანასონიკი“ საავტომობილო მზის ელემენტების წარმოების ერთ-ერთი ლიდერი გახდა მას შემდეგ, რაც „ტესლასთან“ ერთად, გიგა-ქარხანა ააშენა, სადაც ორივე ერთად, მასობრივად დაიწყებს საავტომობილო ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკების წარმოებას. სავარაუდოდ, სახურავის მზის პანელს მალე „მოდელ 3-ის“ მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებს.