ნავთობის ფასი ოდნავ გაიზარდა

დღეს დილით ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მინიმუმის დაფიქსირების შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ში ნავთობის მარაგის მოულოდნელმა კლებამ გამოიწვია.

„გოლდმენ საქსის“ შეფასებით, იმის ფონზე, რომ ოპეკ-ის და ნავთობმომპოვებელი ქვეყნების უმეტესობა, მოპოვების შემცირების პაქტს ასრულებს, ამერიკის მარაგების შემცირება, ენერგო რესურსის ფასის ზრდას განაპირობებს.

ამ დილით ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 1.37 პროცენტით გაიზარდა და ბარელზე 51.62 დოლარს მიაღწია. ამერიკული WTI-ს ფასი კი 1.61 პროცენტით იყო გაზრდილი და ბარელი 48.49 დოლარად იყიდებოდა.

ამერიკული ნვთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ბოლო კვირის განმავლობაში, ნავთობის მარაგი 531 000 ბარელით, 529.1 მილიონ ბარელამდე შემცირდა. ეს იმ დროს, როცა ანალტიკოსები, მარაგის 3.7 მილიონი ბარელით გაზრდას მოელოდნენ. კიდევ უფრო მკვეთრად შემცირდა ბენზინის და დისტილატების მარაგები.

არადა წინა დღით, მას შემდეგ, რაც ოპეკ-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნავთობის მსოფლიო მარაგების ზრდის ტემპი შენარჩუნდა, რასაც მეტწილად, საუდის არაბეთის მიერ მოპოვების ზრდა განსაზღვრავს, ნავთობის ფასმა ბოლო სამი თვის მინიმუმი დააფიქსირა.

ოპეკ-ის მონაცემებით, საუდის არაბეთმა ნავთობის დღიური მოპოვება თებერვალში 10.1 მილიონ ბარელამდე გაზარდა (იანვრის 9.748 მილიონიდან). თუმცა სხვა მონაცემებით, მსოფლიოს უდიდესმა ნავთობმომპოვებელმა ქვეყანამ თებერვალში დღიური მოპოვება „მხოლოდ“ 9.797 მილიონ ბარელამდე გაზარდა.

ახლახან საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰალიდ ალ-ფალიჰმა განაცხადა, რომ ბოლო ორ თვეში მისი ქვეყნიდან მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდება პრაქტიკულად არ შეცვლილა და ეს მოცულობა იმ ფარგლებში დარჩა, რომელიც ოპეკ-ის შეთანხმებით არის გაწერილი.

„გოლდმენ საქსის“ ინფორმაციით, ოპეკ-ის ქვეყნები ზედმიწევნით იცავენ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმებას. რაც მთავარია, მსოფლიო ბაზარზე, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი თანდათან სწორდება და მალე დადგება მომენტი, როცა მოთხოვნა მიწოდებას გადააჭარბებს.