სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ნანობაშვილი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენებს, კერძოდ, ფარმაცევტული დარგის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.

როგორც უწყებაში განაცხადეს, შეხვედრების მიზანია ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ კონკრეტულ ტენდერებზე, პრობლემურ საკითხებსა და შესყიდვების სფეროში არსებულ შესაძლო ხარვეზებზე, აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემების გადაჭრის წინადადებები.

როგორც ჟურნალისტებს ნანობაშვილმა განუცხადა, სააგენტო ამ წინადადებებს და მოსაზრებებს აანალიზებს და ახდენს მასზე ადეკვატურ რეაგირებას.

“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აგრძელებს შეხვედრების ციკლს ბიზნესის წარმომადგენლებთან. დღეს ჩვენ შევხვდით ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს. ბიზნესის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, რეფორმები, ასევე მოვუსმინეთ მათ შენიშვნებსა და საქმიან წინადადებებს, რათა მათზე შემდგომში ადეკვატური რეაგირება განხორციელდეს. დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 15-მდე კომპანია, რაც მსგავსი ტიპის შეხვედრებთან დაკავშირებით მათ დაინტერესებაზე მიუთითებს”, - განაცხადა ნანობაშვილმა.

კომპანია “პსპ”-ს გაყიდვების სამსახურის უფროსის, იაკობ მამადაშვილის თქმით კი, ასეთი შეხვედრები ბიზნესისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

“წინა შეხვედრებზეც დავაყენეთ სხვადასხვა საკითხი, რომელსაც ყურადღება მიექცა და გამოსწორდა. აქედან გამომდინარე, ასეთი შეხვედრები ნაყოფიერია, ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემებზე და ამ პრობლემებს ექცევა ყურადღება”, - განაცხადა „პსპ“-ს წარმომადგენელმა.

მორიგი შეხვედრა 29 მარტს გაიმართება და მასზე მიწვეული იქნებიან სადაზღვევო და საპენსიო სფეროს წარმომადგენლები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან რაზმაძის ინიციატივით შეხვედრები ბიზნესის საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად, თვეში ორჯერ ტარდება. 2016 წელს ამ ფორმატში სულ 16 შეხვედრა გაიმართა.