წვენის ტექნიკურ რეგლამენტზე მუშაობა არ მიმდინარეობს და არც იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.
"არსებობს ზოგიერთი მიმართულება, სადაც სავალდებულო წესით სახელმწიფოს სჭირდება რეგულაციების არსებობა, მაგრამ არსებობს სფეროები, სადაც სახელმწიფო არ მოახდენს დარგის რეგლამენტირებას. თუმცა, დარგს შეუძლია იხელმძღვანელოს მარკეტინგული სტანდარტებით. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული სურსათის კოდექსი ნებისმიერ სასურსათო პროდუქტთან მიმართებაში განსაზღვრავს მოთხოვნებს.
"კოდექსით განსაზღვრული ეტიკეტიტების წესები ცალსახად მოითხოვს პროდუქტში შემცველობის განსაზღვრას. ასე რომ, მომხმარებელთა უფლკებები ამ კუთხით დაცულია და ასევე დაცულია ჯანსაღი და სამართლიანი წესები მეწარმეებს შორის", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“ წვენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემოღების დაჩქარების მოთხოვნით ცოტა ხნის წინ გამოვიდა. კომპანიის გენერალური დირექტორის, ალექსანდრე ბუაძის განცხადებით, აღნიშნული რეგლამენტის შემოღება ბაზარზე თამაშის წესების დარეგულირებისა და ქართული პროდუქციის უცხო ქვეყნის ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის მნიშვნელოვანია. როგორც ბუაძე განმარტავდა, კომპანია წვენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავებასთან დაკავშირებული ინიციატივით, საუბარს სახელმწიფო სტრუქტურებთანაც აწარმოებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, წვენის რეგლამენტზე მუშაობა მთავრობის გეგმაში არაა.
ქრისტინე გამთენაძე