ჰავაის შტატის მოსამართლემ დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება შეაჩერა

ჰავაის შტატის მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი საიმიგრაციო განკარგულება შეაჩერა, - იუწყება სააგენტო „ასოშეითედ პრესი“.

სააგენტოს ინფორმაციით, მოსამართლე დერიკ უოთსონმა სასამართლო განკარგულება მას შემდეგ გამოსცა, რაც შტატის ხელისუფლების მოთხოვნა შეისწავლა.

როგორც ტელეკომპანია CNN იუწყება, მოსამართლის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის განკარგულების მოქმედებას აჩერებს, რომელიც ძალაში გუშინ, 15 მარტს უნდა შესულიყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 6 მარტს ხელი მოაწერა ახალ საიმიგრაციო განკარგულებას აშშ-ში ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ექვსი ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის დროებით აკრძალვაზე.

პირველ მსგავს დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტმა 27 იანვარს მოაწერა ხელი. თავდაპირველ სიაში ერაყიც შედიოდა, თუმცა მოგვიანებით ერაყი ამ სიიდან ამოიღეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი კატეგორიულად არ ეთანხმება ჰავაის შტატის მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას. უწყება საიმიგრაციო განკარგულების დაცვას სასამართლოში აპირებს.