6 თვეში ცხვრის ფასი გაორმაგდა

შარშანდელთან შედარებით, ქართული ცხვრის ფასი გაორმაგდა, რაც პირუტყვის დეფიციტს უკავშირდება. დეკემბრის დასაწყისში თუკი 1 კგ ცხვრის ხორცის ღირებულება 8 ლარი იყო, ახლა ფასი 15 ლარს აღწევს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ეს ყველაფერი განაპირობა წარმატებულმა ექსპორტმა. ქართულ ცხვარზე დიდი მოთხოვნაა ირანსა და ერაყში.

მეცხოველეობის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ შუამავლები კიდევ აქტიურობენ, მაგრამ გასაყიდი ცხვარი თითქმის აღარავის შერჩა. შარშანდელი შემოდგომიდან მოყოლებული ექსპორტზე 200 ათასზე მეტი ცხვარია გასული. ახლა მეცხვარეები 250 ათასამდე ნამატს ელოდებიან სეზონზე, რაც პირუტყვის დეფიციტის პრობლემას საგრძნობლად მოაგვარებს. ისინი ამბობენ, რომ მთავარია შენარჩუნდეს ფასი და უცხოურ ბაზარზე საქონლის რეალიზაცია კვლავაც მომგებიანი იყოს.

ამ ეტაპზე საექსპორტოდ გამზადებული ქართული ცხვრის ფასი 180-200 ლარის ფარგლებშია, შარშან 90-100 ლარს არ აღემატებოდა. ესე იგი, 1 წელიწადში მისი ფასი გაორმაგდა.

"მომავლის ფერმერის" წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა განმარტავს, რომ პირუტყვი ადგილზე იკვლება და ქვეყნიდან ხორცის სახით გადის. იგი ამბობს, რომ საკმაოდ მაღალია ცხვრის დაკვლის ფასი, რაც მეცხვარეებს პრობლემას უქმნის.

როგორც ჭიჭაყუა განმარტავს, დაახლოებით, 6-7 თვეა ქართული საქონელი ირანში აქტიურად გადის ექსპორტზე. ეს ბარიერების მოხსნას უკავშირდება, რაც ამ მიმართულებით არსებობდა.

"ბოლო თვეებში მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ცხვარი ფაქტობრივად, ამოიყიდა. ამ ეტაპზე არათუ გასატანი, ადგილზე საკმარისი რაოდენობაც არ გვყავს. სამწუხაროდ, დაბალ ფასში გაიყიდა შემოდგომაზე და ნამატი აღარ არის. თუკი სადმე რამე შემორჩა, ახლა გადის. მთლიანობაში, შემოდგომიდან მოყოლებული, 200 ათასზე ცოტა მეტია გასული როგორც დაკლული სახით, ასევე ცოცხლად.

რაც შეეხება ფასს, 30-35-კილოგრამიანი თოხლი ამჟამად 180-200 ლარი ღირს მაშინ, როცა შემოდგომაზე ფერმერები იგივე წონის ცხვარს 90-100 ლარად ყიდდნენ და ამბობდნენ, რომ დარგი არაპერსპექტიული იყო. ზოგიერთი საქმიანობის შეცვლასაც აპირებდა. ახლა პირუტყვი ადგილზე იკვლება და ისე გადის, თუმცა ამ პროცედურის საფასური 20 ლარია, რაც დამატებითი ხარჯია ფერმერებისთვის", - განმარტავს ჭიჭაყუა.

აღსანიშნავია, რომ ივლისიდან ცხვრის ექსპორტის გააქტიურებას ელოდებიან. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, არსებული ფასი შენარჩუნდეს.

"ამჟამად არ არის საკმარისი რაოდენობა, მაგრამ ივლისიდან ახალი ნამატი წამოვა და ისევ გააქტიურდება ექსპორტი. 250 ათასამდე იქნება ახალი პირუტყვი, დაახლოებით, იმდენი, რამდენიც შარშან იყო. მთლიანობაში, ნამატიანად 800 000-მდეა ცხვრის რაოდენობა ქვეყანაში. თუ იქნება კოორდინაცია და სასაკლაოების მხრიდანაც ხელშეწყობა, ფასი შენარჩუნდება.

უდავოდ პოზიტიური ფაქტია, რომ ირანში ხორცის ექსპორტისთვის ხელოვნური ბარიერები მოხსნილია, რაშიც სახელმწიფო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან დაგვეხმარა. ვფიქრობ, მსგავსი პრობლემის წინ სამომავლოდ აღარ აღმოვჩნდებით და რეალიზაცია არ გაგვიჭირდება", - დასძენს ჭიჭაყუა.

ბაზარზე ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით ტენდენცია აშკარად შეცვლილია, რაც ნიშნავს, რომ ჩავარდნა დროებითი იყო. "ცხვარზე მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით, აზიის ქვეყნებში. აზერბაიჯანი 10 დღეში მოიხმარს 250 000-მდე ცხვრის ხორცს. ეს დაახლოებით ის რაოდენობაა, რა ოდენობის ცხვრის ექსპორტის შესაძლებლობაც საქართველოს აქვს. ირანს 55 მლნ ცხვარი ჰყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, 150 000-მდე ცხვარს სომხეთისგან მაინც ყიდულობენ. ასეა აზიის სხვა ქვეყნებშიც", -აღნიშნავს იგი.

ჭიჭაყუა მიიჩნევს, რომ მეცხვარეობას განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს და სწორი პოლიტიკისა და კოორდინირებული მართვის პირობებში საქართველოდან ცხვრის ექსპორტი არ გაჭირდება.

2016 წელს საქართველოდან ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც თანხობრივად, 1 მლნ დოლარს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ არაბული ქვეყნებიდან დაინტერესება იზრდება და განპირობებულია საქართველოს, როგორც ეპიზოოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯით.

"ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს მონიტორინგსა და ცხოველთა ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის კეთილსაიმედოობას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"