გასულ წელს უძრავი ქონების ფასების მიხედვით ყველაზე ძვირი რაიონი თბილისში მთაწმინდა, ყველაზე იაფი კი გლდანი და სამგორი იყო.
ამის შესახებ „თიბისი ბანკის“, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის - უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, გაყიდვების საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე ყველაზე ძვირი - 1 033 დოლარი მთაწმინდაზე; ყველაზე დაბალი 547 დოლარი კი - სამგორში იყო.
ამასთან, უძრავი ქონების გაქირავების საშუალო ფასი 1 კვადრატულ მეტრზე ყველაზე ძვირი - 8.37 დოლარი ასევე მთაწმინდაზე; ყველაზე იაფი - 4.52 დოლარი კი გლდანში ღირდა.
ზოგადად, გაყიდვების საშუალო ფასი 2016 წლის განმავლობაში 1 კვადრატულ მეტრზე 836 - 891 ამერიკული დოლარი; გაქირავების კი 6.74 - 7.53 დოლარი იყო.
თბილისში გაყიდვების საშუალო ფასმა 2016 წელს 1 კვადრატულ მეტრზე 866 დოლარი შეადგინა. რაც 3.8%-ით ნაკლებია 2015 წლის დეკემბერთან შედარებით. გაქირავების საშუალო ფასმა კი 7.20 დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის დეკემბერთან შედარებით 6.0% -ით ნაკლებია.