საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის საკითხების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ წელს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 25 წელი შესრულდება. მხარეებმა ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული ორმხრივი პროექტებიც განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ღრმადაა დაინტერესებული ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობის შემდგომი განვითარებით. მისივე თქმით, საქართველო წარმოადგენს, როგორც აზერბაიჯანული ენერგორესურსების მომხმარებელს, ასევე საიმედო გამტარს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტის განხორციელებას, რომელიც როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საკვანძო როლს ასრულებს უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, როგორც რეგიონში, ისე მთელს ევროპაში.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ყურადღება ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზეც გაამახვილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალი ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული და არსებობს ტვირთბრუნვის მრავალმხრივად გაზრდის შესაძლებლობა. საუბარი შეეხო ასევე ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის წარმატებულ და ნაყოფიერ განვითარებასაც.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა უსაფრთხოების გარემოც განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე გაერო-ს რეზოლუციის ყოველწლიური მხარდაჭერისთვის, აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სტატუსთან დაკავშირებით. პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხები, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით უნდა გადაიჭრას.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, ”ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებასა და გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოების სრულფასოვანი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისათვის”.