საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფულადი გადმორიცხვების მიხედვით მეხუთე ადგილზეა

საქართველო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ფულადი გადარიცხვების მიხედვით, ლიდერების ხუთეულში შედის.

როგორც გაეროს კვლევა ”მიგრაცია და გადარიცხვები - 2013” იუწყება, ქართული დიასპორის მიერ გადმორცხულმა ფულმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 11,1 % , ანუ, 1,5 მილიარდი დოლარი, შეადგინა. პირველ ადგილზე ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოშიც - ტაჯიკეთია, რომლის ტრანსფერები მთლიანი ეკონომიკის თითქმის ნახევარს, 48,1%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზე ტრანსფერების წილით მშპ-ში ყირგიზეთია (31,4%), მესამეზე - მოლდავეთი (24,5%), მეოთხეზე კი სომხეთი - (21,4%).

დანარჩენ ქვეყნებში მიგრანტების წვლილი ეკონომიკაში 5%-საც ვერ აღწევს: უკრაინაში 4,8%-ია, ლიტვაში - 3,6%, აზერბაიჯანში - 2,9%, ლატვიაში - 2,6%, ესტონეთში -1.8%, ბელორუსში - 1,7%, რუსეთში - 0.3% და ყაზახეთში - 0,1%.

უზბეკეთსა და თურქმენეთზე შესაბამისი ინფორმაცია გაეროს არ გააჩნია.

სულ, გაეროს კვლევის მიხედვით, ოფიციალურად განხორციელებული გადარიცხვების მოცულობა განვითარებად ქვეყნებში 2013 წელს წინა წელთან შედარებით, 6,3% ით გაიზარდა და 414 მილიარდ დოლარს მიაღწია, მთლიანად კი 550 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.

უცხოეთიდან ტრანსფერების ძირითადი მიმღები ქვეყნები იყვნენ ინდოეთი (71 მილიარდი დოლარი), ჩინეთი (60 მილიარდი დოლარი), ფილიპინები (26 მილიარდი დოლარი) და მექსიკა (22 მილიარდი დოლარი).

მიუხედავად გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელებისა, გაეროში ვარაუდობენ, რომ ფულადი ტრანსფერები კიდევ უფრო გაიზრდება და 2014 წელს 594 მილიარდ დოლარს მიაღწევს, აქედან 449 მილიარდი დოლარი განვითარებად ქვეყნებში გადაიგზავნება.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, 230 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოში დღეს სამშობლოს გარეთ ცხოვრობს, ხოლო 700 მილიონი - ქვეყნის შიგნითაა გადაადგილებული.

”ბოლო ათწლეულებში მზარდი მიგრაციის მიზეზი დემოგრაფიული პრობლემები, გლობალიზაცია და კლიმატური ცვლილებებია. თუმცა, საერთაშორისო მიგრაციას დადებითი შედეგებიც აქვს, კერძოდ, ზრდის მსოფლიო შემოსავლებს, რადგან მიგრანტები გაცილებით პროდუქტიულები და მოტივირებულები არიან. სამშობლოში განხორციელებული ფულადი გადარიცხვები სიღარიბის დონეს ამცირებს, იმავდროულად, ადამიანური კაპიტალის აკუმულაციას ახდენს, ზრდის დანახარჯებს ჯანმრთელობასა და განათლებაზე, ასევე ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს”, - აცხადებენ გაეროში.