სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის , ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრები გამართეს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყებიან.
ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ თხილის ბაღების გაშენების, მათი მოვლა-მოყვანის, ასევე, თხილის კულტურისათვის აუცილებელი საკვები ელემენტების, სასუქებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა ფერმერებს თხილის ბაღებში გავრცელებული ძირითადი მავნებელ-დაავადებების, დაზიანების ფორმების, სიმპტომების, მათი მავნეობისა და მათ წინააღმდეგ ქიმიური და ბიოლოგიური ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ექსტენციის პროექტის ფარგლებში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ფერმერების ინფორმირება-გადამზადებას. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, 2016 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით 1200-მდე ფერმერი გადამზადდა.