საქართველოში იპოთეკური სესხების გალარების სოციალური პროგრამა დღეს სრულდება.
„დღეს არის ბოლო დღე, რომ მოქალაქეებმა გააკეთონ განაცხადი გადალარებაზე. ბოლო დღეების განმავლობაში დიდი აქტივობა იყო. ამიტომ სჯობს დაველოდოთ პროგრამის დასრულებას და მონაცემებსა და შედეგებზე შემდეგ ვისაუბროთ“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ცუცქირიძემ.
როგორც 1 მარტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, სესხების გალარების ტემპები მაღალი არ არის. მისივე თქმით, იმ დროისთვის დაახლოებით 25 მილიონი დოლარი იყო გალარებული.
გალარების სოციალური პროგრამა, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი პროგრამაა, 2017 წლის 17 იანვარს დაიწყო.
აღნიშნული პროგრამით სუბსიდირებას ექვემდებარება 2015 წლის პირველ იანვრამდე ფიზიკური პირების ან ინდმეწარმეების მიერ აშშ დოლარში აღებული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები.