„ეს იყო უხეში შეცდომა, რომელიც ორი წლის შემდეგ გამოსწორდა“
საფინანსო სექტორზე ზედამხედველობა ისევ ეროვნული ბანკის კომპეტენციას დაუბრუნდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1 ივლისიდან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში” შესული ცვლილების თანახმად, ეროვნულ ბანკს გამოეყო საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცა. მაშინ ამ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია, თავად ეროვნული ბანკი და ავტორიტეტული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც:
კანონპროექტის გასაპროტესტებლად მსოფლიო ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილებიც კი გაუგზავნეს. მიუხედავად ყველაფრისა, მმართველმა გუნდმა კანონი მაინც მიიღო. როგორც ცნობილია, სებ-იდან საფინანსო ზედამხედველობის გატანა მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზიც გახდა. დღეს ამ გადაწყვეტილებას ყველა კრიტიკულად აფასებს, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც განაცხადა, რომ „წარსულში გადადგმული ეს ნაბიჯი დღევანდელი გადმოსახედიდან სწორი არ იყო.“
ეკონომისტები და საბანკო სექტორის წარმომადგენლები 2008-2009 წლებსაც იხსენებენ, როცა ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკიდან გამოყოფამ ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა, რის გამოც ეს ფუნქცია მაშინაც ეროვნულ ბანკს დაუბრუნეს. ანალოგიური ისტორია საქართველოში ბოლო წლებშიც განმეორდა.
საფინანსო ორგანიზაციებზე ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნება მართებულ ნაბიჯად მიაჩნია საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ცუცქირიძეს.
„თავის დროზე, ეს დოკუმენტი ფართო პოლემიკის საგანი გახდა - პოზიცია, რომ საზედამხედველო ფუნქცია ეროვნული ბანკის ერთი ქოლგის ქვეშ მოჰყვეს, ანუ დაბრუნდეს იმ სასტარტო მდგომარეობაში, რომელშიც ის 2015 წლის 1 სექტემბრამდე იყო, გამართლებულია, რადგან მხოლოდ მაღალი კოორდინაციის პირობებშია შესაძლებელი საზედამხედველო ამოცანების განხორციელება“, - აცხადებს ცუცქირიძე და მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის მჭიდრო კომუნიკაცია აუცილებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.
რამდენად სამართლიანია ახლახან მიღებული გადაწყვეტილება? - ამ შეკითხვით ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილ წევრს, პროფესორ მიხეილ თოქმაზიშვილს მივმართეთ.
„ეროვნულ ბანკს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: მონეტარული პოლიტიკა და საბანკო ზედამხედველობა. ბოლო პერიოდში, როდესაც ლარმა ძალიან დიდი რყევები განიცადა, პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა მიიჩნია, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ინფლაციაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. ამის გამო გაჩნდა აზრი, რომ ჩამოყალიბებულიყო სააგენტო, რომელსაც საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია დაეკისრებოდა. მსგავსი რამ სხვა ქვეყნებშიც არსებობს - ძირითადად, დიდ ქვეყნებში, თუმცა საქართველოსთვის ასეთი მოდელი მიუღებელია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქვეყანა ძალიან მცირეა. აქ ერთიანი რეგულაციებია საჭირო, რომელიც ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს. ამ ფუნქციების დაქუცმაცება ეკონომიკის ორად გახლეჩას გამოიწვევს. შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკა სრულიად სხვა გზით წავიდეს, ხოლო საბანკო ზედამხედველობამ ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელიც ეკონომიკის ბალანსზე უარყოფითად იმოქმედებს. წინა პარლამენტმა თავისი გადაწყვეტილებით დაასუსტა ეროვნული ბანკის ძალა და მარეგულირებელი ფუნქცია, ახლანდელმა პარლამენტმა კი მიიღო გადაწყვეტილება ამ ფუნქციების შეერთების შესახებ“, - აღნიშნა მიხეილ თოქმაზიშვილმა.
მისი თქმით, როცა საფინანსო ზედამხედველობა გამოყოფილია ეროვნული ბანკისგან, ის ვეღარ იყენებს თავის ინსტრუმენტს და შეკვეცილი უფლებამოსილება რჩება. ეფექტიანი მართვისთვის ეროვნულ ბანკს ეს ორი ფუნქცია უნდა ჰქონდეს.
”საფინანსო ზედამხედველობის ცალკე გამოყოფამ და მერე ეროვნული ბანკისთვის შეერთებამ ერთი მხრივ, შექმნა გაურკვევლობის გრძნობა, რომელიც პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც მოქმედებს ინვესტორებზე, მეორე მხრივ, იმოქმედა ხელისუფლების ავტორიტეტზე: მოსახლეობაში გაჩნდა განცდა, რომ ხელისუფლებამ არ იცის, რა როგორ გააკეთოს და შეცდომების გზით ცდილობს რაღაცების გამოსწორებას, რაც უარყოფითად აისახება მოსახლეობის განწყობაზე. სხვათა შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ეს ორი ფუნქცია გაყოფილია, ცდილობენ ისინი თანდათან გააერთიანონ. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, თანდათან მცირდება იმ სახელმწიფოების რაოდენობა, სადაც მონეტარული პოლიტიკა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია გახლეჩილია. რატომ? - თუნდაც იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის ხშირად უკანასკნელი იმედია: როდესაც მათ ლიკვიდობის პრობლემა ექმნებათ, ეროვნული ბანკი სესხს აძლევს, სააგენტოს არა აქვს ბერკეტი, რომ ეს როლი შეასრულოს“, - აღნიშნავს მიხეილ თოქმაზიშვილი.
ექსპერტის შეფასებით, 2015 წელს სერიოზული არგუმენტი, თუ რატომ უნდა გამოყოფილიყო ზედამხედველობის სააგენტო ეროვნული ბანკისგან, არ არსებობდა. ერთადერთი მიზანი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ კრიზისში დამნაშავედ ეროვნული ბანკი გამოეყვანათ:
„საბედნიეროდ, დღეს ეს შეცდომა გამოსწორებულია, მაგრამ რის ხარჯზე? - იმის ხარჯზე, რომ ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობა შემცირდა. ლარის კურსის რყევა არ შეიძლება დაბრალდეს ეროვნულ ბანკს. მართალია, მას აქვს ბერკეტები და შეუძლია კურსი ერთ დონეზე გააჩეროს, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება მთელი ეკონომიკა დაინგრეს. ეს ზამბარის ეფექტს წარმოშობს - რაღაც ეტაპზე ზამბარას ვეღარ შეაკავებ, რაც ძალიან ცუდად მოგიბრუნდება. კარგია, რომ ორი წლის წინ დაშვებული შეცდომა ახლა მაინც გამოსწორდა, თუმცა ამ შეცდომამ უკვე იმუშავა უარყოფითად. თამაში, რომელიც ამ 2 წლის განმავლობაში წარიმართა, არ იყო პროფესიული თამაში, ეს იყო სუბიექტურ მოსაზრებებზე დაფუძნებული არამართლზომიერი გადაწყვეტილება. ადამიანს თავი, ან ხელი რომ სტკივა, ეს არ ნიშნავს, რომ მტკივანი ხელი უნდა მოვაჭრათ, ან თავი მოვაგლიჯოთ. საბანკო სექტორი ძალიან ფაქიზი სისტემაა და მასში უხეში ჩარევა დაუშვებელია“, - აღნიშნა მიხეილ თოქმაზიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
ხათუნა ჩიგოგიძე