ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე საწარმო დაიხურა, ისინი კონკურენციას ვერ უძლებენ. მათი ხელმძღვანელები მეწარმეობის შეჩერების მიზეზებზე საურობენ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ზოგიერთი იმედოვნებს, რომ პრობლემა დროებითია და სამომავლოდ ისევ დაუბრუნდება ბაზარს. სპეციალისტთა განმარტებით, საწარმოთა დახურვის მთავარი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არაჯანსაღი გარემოა.
რთული ვითარებიდან გამომდინარე, წარმოება შეაჩერა "ჩარგალის წყაროებმა". როგორც კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ლომიძე მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, მიზეზი ფინანსური პრობლემებია. ბოლო პერიოდში კომპანიას გამოშვებული პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა ჰქონდა, რაც, საბოლოო ჯამში, ვერ აღმოიფხვრა და კომპანია დახურვამდე მიიყვანა.
"აგარის შაქარი" კი გაურკვეველი ვადით გაჩერდა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ალხან ალიზადე აცხადებს, კომპანიის მენეჯმენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა და "აგარის შაქრის" პრობლემაც ვერ გადაიჭრა. მსოფლიო ბირჟებზე დღეს ერთი ტონა შაქარი 513 დოლარი ღირს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 74 დოლარით მეტია. 2016 წლის მარტში ლონდონის ბირჟაზე 1 ტონა შაქარი 439 დოლარი ღირდა.
დახურულ საწარმოთა რიცხვს შეუერთდა შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის" ქედის ხილის გადამამუშავებელი საწარმო "ნენა", რომელმაც მუშაობა გახსნიდან მეორე წელს შეაჩერა.
ეკონომისტების განმარტებით საწარმოთა დახურვის მიზეზი ხშირ შემთხვევაში, მერყევი ლარის კურსია, ძვირადღირებული ნედლეული და საგადასახადო პრობლემებია. ლევან ალაფიშვილის თქმით, ამ პრობლემას ემატება მთავრობის პოლიტიკა მცირე და საშუალო ბიზნესის შესახებ.
"აღნიშნული საკითხი კომპლექსურია. ქვეყანაში არსებული საწარმოების დახურვის მიზეზი, შეიძლება იყოს როგორც გაუფასურებული ლარი, ძვირადღირებული ნედლეული და საგადასახადო ხარჯები, ასევე მთავრობის პოლიტიკა, უფრო სწორად პოლიტიკის არარსებობა. "საქსტატის" მონაცემებით, წინა წლის ბოლო კვარტალში მცირე საწარმოებში, დაახლოებით, 32 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, 2015 წლის წლიურ შედეგთან შედარებით. ეს თავისთავად ნიშნავს არათანმიმდევრობას მთავრობის პოლიტიკაში.
საჭიროა მცირე და საშუალო საწარმოების არა მხოლოდ ხელშეწყობა, არამედ გაზრდა, მათი გამრავლება და სამუშაო ადგილების შექმნა, თუმცა ხდება პირიქით. წინა წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მოგების გადასახადის რეფორმირების შესახებ. მთელი წელი ჰქონდა ყველაფრის კარგად დასაგეგმად, თუმცა ამის სანაცვლოდ წლის ბოლოს მივიღეთ აქციზის გადასახადის მკვეთრი გაძვირება. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მთავრობა ძალიან არათანმიმდევრულია და როდესაც პრობლემა ჩნდება, მხოლოდ მაშინ ცდილობს რეაგირებას, ძირეულად კი არაფერს ცვლის", - განუცხადა "რეზონანსს" ალაფიშვილმა.
მან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ფასებს - რამდენად არის სხვადასხვა სოციალური ფენა ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ მსყიდველუნარიანი.
"თუკი წარმოება ძვირდება, ბუნებრივია, ეს აისახება საქონლის ღირებულებაზე, შემდეგ კი რეალიზაცია დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. რამდენად არსებობს ბაზარზე იმ პროდუქტის შემძენი მომხმარებელი? მსყიდველუუნარო მოსახლეობა, თავისთავად პრობლემას უქმნის ბიზნესსაც და ეკონომიკასაც. იმისათვის, რომ საწარმოო ციკლი არ შეჩერდეს, ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც გრძელვადიან გეგმებზე უარყოფითად აისახება.
როდესაც ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციის მოზიდვის შესახებ, ეს არ არის ერთწლიანი პროექტი. ის გაწერილია 3, 5 და მეტ წლებზე. ამ დროს მთავრობა მოულოდნელად მიიღებს გადაწყვეტილებას აქციზის მკვეთრი გაზრდის ან სხვა ხელოვნური ბარიერის ამოქმედების შესახებ, ბუნებრივია, ეს ბიზნესი დადგება სერიოზული პრობლემის წინაშე. ასეთ დონეზე უნდა შეეწყოს ხელი სახელმწიფოს მხრიდან წარმოებას, რომ სამომავლოდ არ მივიღოთ უფრო მეტი დახურული საწარმო", - აღნიშნა ალაფიშვილმა.
ეკონომისტი გიორგი პაპავა "რეზონანსთან" მცირე და საშუალო მეწარმეობის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. იმისათვის, რომ საწარმოებმა ძველებურად განაგრძონ მუშაობა, საჭიროა მათი დაფინანსება მოხდეს იმ კუთხით, რომ გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები. აუცილებელია ტექნოლოგიების დანერგვა და ახალ ბაზრებზე გასვლა, რაც კონკურენტუნარიანობას ერთიორად აამაღლებს.
"საუბარი დავიწყოთ უკვე დახურული საწარმოებიდან - "აგარის შაქარმა" თავად განაცხადა, რომ კონკურენცია ვეღარ გაუწია უკრაინულ პროდუქტს (უკრაინული შაქარი იაფია, რადგან გრივნა არის მნიშვნელოვნად გაუფასურებული, შესაბამისად, ისინი უფრო იაფად ახერხებენ წარმოებას). "აგარის შაქარი" კი, ალბათ, ნედლეულს ყიდულობს საერთაშორისო ფასით, შემდეგ აქ გადაამუშავებს და აფასოვებს. ეს კი პროდუქციის ფასს ზრდის.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება და მოსახლეობაც ნაკლებად მსყიდველუნარიანი ხდება, უფრო ნაკლებ პროდუქტს მოვიხმართ, რაც გავლენას ახდენს ნებისმიერ წარმოებაზე. ჩვენთვის ცნობილი და უკვე დახურული სამივე საწარმოს შემთხვევაში აღსანიშნავია ის, რომ მათ კონკურენციას ვერ გაუძლეს.
იმისათვის, რომ საწარმოებმა განაგრძონ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ტექნოლოგიები დანერგონ და ახალ ბაზარზე გავიდნენ, საჭიროა მეტი უცხოური ინვესტიცია. ჩვენ თუკი თვალს გადავავლებთ ინვესტიციების დინამიკას ბოლო წლების განმავლობაში, სოფლის მეურნეობასა და გადამამუშავებელ მრეწველობაში, რეალურად ტენდენცია შემცირებულია. ბოლო 4 წლის მონაცემებით გადამამუშავებელი მრეწველობა ინვესტიციების თვალსაზრისით ხუთეულშიც არ არის. უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად ფინანსდება ადგილობრივი მრეწველობა", - განუცხადა "რეზონანსს" პაპავამ და იქვე ისაუბრა იმ გამოსავალზე, რაც საწარმოების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს.
"მთავარი გამოსავალი არის ის, რომ რიგი დარგები გახდეს კონკურენტუნარიანი, რათა მათ შეძლონ წარმოების გაგრძელება. უნდა გადალახონ რთული პერიოდი და მომავალში მაინც არ შეაჩერონ წარმოება. არის კომპანიები, რომლებმაც მიიღეს დაფინანსება და შემდეგ ვეღარ მოახერხეს საქმიანობის წარმართვა. ეს მაგალითები ნაკლებად თვალსაჩინოა, ამიტომ გვიჩნდება ილუზია, რომ ძალიან წარმატებულია რომელიმე დარგში, თუმცა ეს სინამდვილეში ასე არ არის", - დასძინა გიორგი პაპავამ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"