ანაკლიაში კანალიზაციის ამორტიზებული სისტემა მოწესრიგდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.
მათივე ინფორმაციით, ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტს “აზიის განვითარების ბანკი” აფინანსებს. მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და წელს დასრულდება.
მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ანაკლიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. ზურაბ ალავიძესთან ერთად სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერა.
„ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე 50-მდე ადგილობრივი მუშაობს. ანაკლიაში წყალარინების სისტემა ათწლეულების განმავლობაში გაუმართავი და ამორტიზებული იყო. ახალი გამწმენდი ნაგებობა 1 000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს და 10 ათასზე მეტ ტურისტს მოემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.