საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში, ბევრი მიმართულებით პრობლემა შეიქმნება.
როგორც ქუმსიშვილმა ამ პროგრამის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გეგმა ითვალისწინებს, რომ ბიუჯეტს დააკლდეს დაახლოებით მილიარდნახევარი ლარი, ამის შევსება კი შესაბამისად უნდა მოხდეს სხვადასხვა პროექტების შეჩერებით.
„წარმოდგენილი პროექტი, რაც ზედაპირულად ვნახე, ითვალისწინებს, რომ მილიარდნახევარი ლარი დააკლდეს ბიუჯეტს 2018 წელს, რომლის კომპენსირების რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, ეს ნიშნავს, რომ საჯარო სექტორში 80%-ით უნდა შემცირდეს ხელფასები, ეს ითვალისწინებს, როგორც ჩანს, როგორც პოლიციას, ასევე ყველა მიმართულებას ან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მთლიანად უნდა გავანულოთ პენსიები და შევწყვიტოთ პენსიების გაცემა, ან უნდა მოხდეს საინვესტიციო პროექტების შეწყვეტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი, რაც გვაქვს დაწყებული, უნდა შევამციროთ ან შევაჩეროთ. მაგალითად, არ უნდა აშენდეს ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალი, არ უნდა აშენდეს ტურისტული გზები და ა.შ. ოპოზიციის მხრიდან მარტივია ასეთი განცხადებების გაკეთება სოციალურად პასუხისმგებელი მთავრობის მიმართ, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში მოხდეს ეკონომიკური ზრდა. კაპიტალური დანახარჯების პირობებში ეს შემცირება გამოიწვევს ეკონომიკის შემცირებას, რის გამოც ვერ შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და გაგვიძვირდება სხვადასხვა ვალდებულები“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, სავალუტო ფონდთან უკვე შეთანხმებულია, რომ მიმდინარე ხარჯები 26,5%-დან შემცირდება 21,5%-მდე, 2018 წლისთვის კი იგი შეადგენს მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 23,5%-ს.