საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ რეკომენდაციებს გასცემს, რომლის მიხედვითაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროპის ქვეყნების საზღვრებზე უნდა იმოქმედონ.
როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მიზნობრიობა და გამგზავრების მსურველებს წესრიგში ჰქონდეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.
“მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს მიზნობრიობა და ყველა, ვინც გაემგზავრება, გაემგზავროს მოკლევადიანი ვიზიტის მიზნით და ჰქონდეს ყველა დამადასტურებელი საბუთი – უკან დასაბრუნებელი ბილეთი, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი იმისთვის, რომ არ შეექმნას პრობლემა საზღვარზე. ჩვენ ამ მიმართულებით მაქსიმალურად ვართ მობილიზებული, ჩვენი საკონსულოები შესაბამის ტრენინგებს გადიან, ჩვენ გვეხმარებიან ევროპული სტრუქტურები, რათა კარგად მომზადდეს ჩვენი შესაბამისი სამსახურები და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ დავიწყეთ აქტიური კამპანია ქვეყნის შიგნით, ეს გულისხმობს ვიდეორგოლების და საინფორმაციო მასალების მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ჩავდივართ რეგიონში, სადაც ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, თუ რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია, რისთვის შეიძლება და რა მიზნით გამგზავრება ევროპის ქვეყნებში. ეს კამპანია იქნება ძალიან აქტიური მომდევნო კვირეების განმავლობაშიც”, - განაცხადა ჯანელიძემ.