დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2016 წლის მე-4 კვარტალში 1065,9 ლარია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. უწყების ცნობით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით 2016 წლის IV კვარტალში ყველაზე დაბალი განათლების სექტორშია და 589,2 ლარს შეადგენს. საქსტატის ცნობით, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი საფინანსო სექტორში დაფიქსირდა და 2023,9 ლარი შეადგინა. მას 1643,6 ლარით სამშენებლო სექტორი მოსდევს. საშუალოდ 1375,7 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა. თვეში საშუალოდ 1346,8 ლარს იღებენ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში დასაქმებული ადამიანები. საშუალოდ 1255,3 ლარითაა განსაზღვრული ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორში დასაქმებულთა ხელფასი.
2016 წლის IV კვარტალში თვეში საშუალოდ 1 000 ლარზე მეტ ხელფასს ასევე იღებენ სახელმწიფო მმართველობასა და თევზჭერა, მეთევზეობაში დასაქმებული ადამიანები. თვეში საშუალოდ 1 000 ლარზე ნაკლები აქვთ ხელფასი სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობის; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის, სასტუმროებისა და რესტორნების, ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური დახმარების, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს.